10 Июнь, 2021

თერაპიული სამსახურის მრავალმხრივი შესაძლებლობები - დას. საქართველოს სამედიცინო ცენტრში ყველა სახის საჭიროების მქონე პაციენტების მართვაა შესაძლებელი

თერაპიული სამსახურის მრავალმხრივი შესაძლებლობები - დას. საქართველოს სამედიცინო ცენტრში ყველა სახის საჭიროების მქონე პაციენტების მართვაა შესაძლებელი
თერაპიული სამსახური დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი მძლავრი მიმართულებაა, რომელიც სხვადასხვა საჭიროების მქონე პაციენტებს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. განყოფილება აერთიანებს ინტენსიურ თერაპიასა და საპალატე სისტემას. აგრეთვე, ხელმისაწვდომია მაღალტექნოლოგიური რეანიმაციული სერვისი.


განყოფილებაში ხორციელდება ყველა სახის თერაპიული დაავადების დიაგნოსტირება/მკურნალობა. მათ შორისაა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული პათოლოგიები, პნევმონია, თირკმლის უკმარისობა, ანემია, ფილტვის თრომბოემბოლია, ღვიძლის მწვავე უკმარისობა და მრავალი სხვა. ხელმისაწვდომია ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების (სპირომეტრია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და სხვა) სრული სპექტრი. საჭიროების შემთხვევაში კი განყოფილება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას დიალიზის სერვისსაც სთავაზობს.


ამბულატორიული მომსახურების მიღება კლინიკაში ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდეა შესაძლებელი. ინტენსიური თერაპიული მიმართულება კი 24-საათიან რეჟიმშია ხელმისაწვდომი. მომსახურების მისაღებად ხორციელდება წინასწარი ჩაწერაც ნომერზე 2 55 05 05.


მიმართულებას დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ქრისტინე სტურუა ხელმძღვანელობს. მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა და დიპლომისშემდგომი განათლება კარდიოლოგიისა და შინაგანი მედიცინის განხრით, გერმანიაში მიიღო. ამავე ქვეყანაში იწყება ქრისტინე სტურუას პროფესიული მოღვაწეობაც. ის ჯერ ოლდენბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმ-ჰოსპიტანტის პოზიციაზე მუშაობდა, შემდეგ ზანდერბუშის ჩრდილო-დასავლეთის კლინიკაში ექიმი-რეზიდენტი იყო.


ქრისტინე სტურუა ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს 2016 წლიდან შემოუერთდა. დღეს ის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში თერაპიულ სამსახურს ხელმძღვანელობს და არის სერტიფიცირებული ექიმი კარდიოლოგიასა და შინაგან მედიცინაში.