27 Aпрел, 2022

სიმსივნეზე გამარჯვებული პაციენტი, რომელმაც სამედიცინო სფეროში პროფესიული დაბრუნება გადაწყვიტა

სიმსივნეზე გამარჯვებული პაციენტი, რომელმაც სამედიცინო სფეროში პროფესიული დაბრუნება გადაწყვიტა
კონსულტაციაზე დაბნეული მივიდა. არ იცოდა, სად და როგორ გაეგრძელებინა მკურნალობა. განიხილავდა თურქეთში წასვლას, ანალიზები უკვე გადაგზავნილი ჰქონდა, თუმცა შემდეგ მოულოდნელად კონსულტაციაზე თავად კრისტინა კილთან აღმოჩნდა.

მიაჩნია, რომ მისი და ამერიკელი რადიოლოგის ვიზიტის დამთხვევა ჰოსპიტალში შემთხვევითი სულაც არ ყოფილა და სწორედ ამ ფაქტმა მიაღებინა გადაწყვეტილება, მკურნალობის რთული და ხანგრძლივი გზა სწორედ კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში გაეარა.

„სიმსივნის დიაგნოზი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. როდესაც სარძევე ჯირკვალში კვანძი აღმოვაჩინე, სწრაფად გავაანალიზე მოსალოდნელი შედეგები. მესმოდა, რომ ეს ავთვისებიანი წარმონაქმნი იქნებოდა, თუმცა დიაგნოზი განაჩენად ნამდვილად არ მიმიღია. ყველაზე მეტად ოპერაციის შემდგომი გზის გავლა მერთულებოდა. ვიცოდი, რომ ქიმიო და სხივური თერაპიების გვერდით მოვლენებს ვერსად გავექცეოდი. ვფიქრობდი ძალიან ბევრს: სად გამეგრძელებინა მკურნალობა? ვინ გამიმარტივებდა ქიმიოთერაპიის ხანგრძლივ პროცესს? რამდენად დამიბრუნდებოდა ცხოვრების გაგრძელების ხალისი?...“

კითხვა არაერთი იყო, პასუხების ძიებაში კი დაეხმარნენ სწორედ იქ, სადაც მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე აიღეს პასუხისმგებლობა. მაია გოგაძის მკურნალი ექიმი, ონკოლოგი მარიამ კუხალაშვილი იხსენებს, რომ სიმსივნე ზომაში მკურნალობის დაწყებისთანავე მნიშვნელოვნად შემცირდა.

„მკურნალობის სტრატეგია მულტიდისციპლინურმა გუნდმა განსაზღვრა, რაც სიმსივნის მართვაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. აქ ყოველ სამედიცინო შემთხვევას ერთობლივად, უცხოელ კოლეგებთან ერთად განვიხილავთ. ქალბატონი მაიას შემთხვევაში, მკურნალობა ქიმიოთერაპიით დავიწყეთ, რასაც ოპერაციული ჩარევადა სხივური თერაპია მოჰყვა.ახლა კი ჩვენი ახალგაზრდა პაციენტი ჰორმონოთერაპიის კურსს გადის. ის გამოჯანმრთელდა და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში სწორედ ჩვენი ექიმების გუნდმა მივიღეთ მონაწილეობა,“ - ამბობს მარიამ კუხალაშვილი, რომელიც თავის პაციენტს ემოციურად და ფსიქოლოგიურადაც ედგა მხარში.

43 წლის უკვე სიმსივნედამარცხებული პაციენტის ცხოვრება კი ჯერ მხოლოდ ახლა იწყება. პროფესიით პულმონოლოგ მაია გოგაძისთვის საკუთარი ისტორია გახდა ინსპირაცია, მრავაწლიანი პაუზის შემდეგ ექიმის სერტიფიკატი დაებრუნებინა. უკვე რამდენიმე თვეა, გადის გადამზადების კურსს, რათა ამიერიდან თავად შეუდგეს დგომას სხვების ჯანმრთელობის სადარაჯოზე.