25 Hоябрь, 2019

სიმსივნე - დიაგნოზი, რომელიც შვილების სიყვარულმა დაამარცხებინა

სიმსივნე - დიაგნოზი,  რომელიც შვილების სიყვარულმა დაამარცხებინა

დაგისვან სიმსივნის დიაგნოზი 29 წლის ასაკში, მაშინ, როცა ცხოვრება განსაკუთრებულად გიხარია, ზურგში დანის ჩარტყმას გავს - ასე იწყებს საკუთარი ამბის მოყოლას ლევან მუხიაშვილი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არც ერთი დიაგნოზი განაჩენი არ არის. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლამ შედეგი გამოიღო: თავის ტკივილის ჩივილით კავკასიის მედიცინის ცენტრში მისულ პაციენტს, რომელსაც კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა.

„თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ მარჯვნივ დიდი ზომის სამწვერა ნერვის შვანომა გამოავლინა, რომელიც პირამიდის ძვალსა და კავერნოზულ სინუსში მდებარეობდა და უკანა ფოსოში სამწვერა ნერვის მიმართულებით ვრცელდებოდა. სიმსივნე ტვინის ღეროს მნიშვნელოვან კომპრესიას იწვევდა, ამიტომ ანატომიური მდებარეობიდან და გავრცელებიდან გამომდინარე, დაიგეგმა ტრანსკავერნოზული მიდგომა. ოპერაციის შემდგომმა პერიოდმა გართულების გარეშე ჩაიარა და პაციენტი კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა,“ - აცხადებს ლევან მუხიაშვილის მკურნალი ექიმი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, ვლადიმერ წიქარიშვილი.

ლევან მუხიაშვილი კი იხსენებს იმასაც, რომ სიცოცხლისთვის ბრძოლის მოტივი შვილებმა მისცეს. ორი პატარა გოგონას მამა დღეს გამოჯანმრთელებულად გრძნობს თავს და იმედოვნებს, რომ ტკივილის მნიშვნელობას სამუდამოდ დაივიწყებს.