15 Июнь, 2021

რადიაციული ონკოლოგიის მაღალტექნოლოგიური უპირატესობები და შესაძლებლობელი კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში

რადიაციული ონკოლოგიის მაღალტექნოლოგიური უპირატესობები და შესაძლებლობელი კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში

კრისტინა კილის სახელობისონკოლოგიის ცენტრი უნიკალურია რეგიონში  მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის კუთხით, რაც სამედიცინო სერვისების მიწოდების მაღალ ხარისხსა და სანდოობას უზრუნველყოფს. დასავლეთ საქართველოში ერთადერთი ონკოლოგიის ცენტრია სადაც გამოიყენება Varian-ის ორ ხაზოვანი ამაჩქარებელი - “True Beam” და “Cilinac IX”. რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი სრულად არის აღჭურვილი დისტანციური რადიაციული თერაპიის ყველა თანამედროვე შესაძლებლობებით, როგორიცაა სამგანზომილებიანი კონფორმული დაგეგმარება (Three Dimensional conformal, 3D CRT), ოთხგანზომილებიანი დაგეგმარება (Four-dimensional radiotherapy planning, 4D), ინტენსივობა მოდულირებული რადიოთერაპია (Intensity Modulated Radiation Therapy, IMRT), მოცულობა მოდულირებული არკ თერაპია (Volumetric Modulated Arc Therapy, VMAT RapidArc), გამოსახულებით მართული რადიოთერაპია (Image Guided Radiation Therapy, IGRT), სტერეოტაქსიური რადიოქირურგია (Stereotactic Radiosurgery, SRS), სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპია (Stereotactic Body Radiation Therapy, SBRT) და ელექტრონებით დასხივება (Electron Beams).

 

  • სამგანზომილებიანი კონფორმული დაგეგმარება (3D CRT) - დაგეგმარების ეს ტიპი ხშირად გამოიყენება ძუძუს, გულმკერდის კედლის, პალიატიური და დაბალი დოზებით მკურნალობის პროცესში. 3D CRT-ს შემთხვევაში, დოზიმეტრისტი განსაზღვრავს ფიქსირებულ მიმართულებასა და დასხივების ინტენსივობას. ამასთან, თითოეულ ველს აძლევს ფორმას მრავალ-ფოთლოვანი კოლიმატორის (MLC) საშუალებით.

 

  • ოთხგანზომილებიანი დაგეგმარება (Four-dimensional radiotherapy planning, 4D) - ოთხგანზომილებიანი (4D) დაგეგმარება გულისხმობს რადიაციული თერაპიის გეგმის შედგენისას, ადამიანის ანატომიური დროებითი ცვლილებების გათვალისწინებას. ანატომიური დროებითი ცვლილებები განპირობებულია მრავალი ფაქტორით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია სუნთქვითი მოძრაობით გამოწვეული ცვლილებები. ოთხგანზომილებიანი დაგეგმარების სისტემა პაციენტებს საშუალებას აძლევს მკურნალობა ჩაიტარონ რესპირატორული გეითინგის მეთოდით.

 

  • ინტენსივობა მოდულირებული რადიოთერაპია (IMRT) - არის რადიოთერაპიის დაგეგმარების ტექნოლოგიურად განვითარებული მიდგომა, რომლის დროსაც კოლიმატორის ფოთლების საშუალებით, დოზის განაწილება ფორმით ერგება სამიზნეს. დასხივების რეჟიმში კოლიმატორის ფოთლები მოძრაობენ გარკვეული თანმიმდევრობით და უზრუნველყოფენ დოზის სასურველ განაწილებას. IMRT რადიოთერაპიის საშუალებით შესაძლებელია სამიზნე მოცულობაზე უფრო მაღალი დოზის მიწოდება, ჯანსაღი ქსოვილების მეტად დაზოგვით,  რაც მკურნალობის პროცესს უფრო უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის.

 

  • მოცულობა მოდულირებული არკ თერაპია (VMAT RapidArc) - დასხივების უახლესი მიდგომაა. მეთოდი IMRT-ს მსგავსად იყენებს დინამიურ MLC-ს, ანუ ველი ფორმირდება ოპტიმალურად. IMRT რადიოთერაპიისგან განსხვავებით, VMAT RapidArc თერაპიის შემთხვევაში დასხივების მიმართულება არ არის ფიქსირებული,  რის შედეგადაც მიიღება დოზის ყველაზე ჰომოგენური და კონფორმული განაწილება.

 

  • გამოსახულებით მართული რადიაციული თერაპია (IGRT) - გამოსახულებით მართვა გულისხმობს პაციენტის პოზიცირების ვერიფიცირებას მკურნალობის ყოველ ფრაქციაზე. დასხივების წინ ხდება პაციენტის რენტგენის სურათის (KV and MV imaging), ან კომპიუტერული ტომოგრაფის (CBCT) გადაღება, რომელითაც მოწმდება თანხვედრა ძირითად CT-სთან. ამ მხრივ შესაძლებელია პაციენტის პოზიცირება გეგმის მიხედვით 1მმ-იანი სიზუსტითაც კი. დღეს IGRT თერაპია, დისტანციური დასხივების სტანდარტული შემადგენელი ნაწილია, დაგეგმარების ტიპის მიუხედავად (3D, IMRT, VMAT RapidArc).

 

  • სტერეოტაქსიური რადიოქირურგია (SRS) - არის სპეციალიზირებული რადიოთერაპიული პროცედურა, რომელიც გულისხმობს მცირე ზომის მკაცრად განსაზღვრული სამიზნეების უზუსტეს დასხივებას. როგორც წესი ეს მეთოდი გამოიყენება თავის ტვინზე და ტიპიურად მიეწოდება ერთ ფრაქციაში, დიდი დოზით. რათქმა უნდა ეს ურთულესი პროცესია და მოითხოვს IGRT-ის უმაღლეს სიზუსტეს, სპეციალურ საფიქსაციო მოწყობილობებს და დაგეგმვა/შესრულების უმაღლეს ხარისხს. ონკოლოგიის ცენტრში სტერეოტაქსიული რადიაციული თერაპია ტარდება მხოლოდ სპეციალური SRS Fibreplast® System-ის გამოყენებით. SRS Fibreplast® System-ის ნიღბები დამზადებულია ყველაზე მყარი თერმოპლასტიკური მასალისგან და ინტეგრირებული ბაითბლოკის დახმარებით უზრუნველყოფს თავის ქალას იდეალურ ფიქსაციას.

 

  • სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპია (SBRT) - არის SRS-ის მსგავსი პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს დასხივების რეგიონებს ცენტრალური ნერვული სისტემის მიღმა - ფილტვი, პროსტატა, ღვიძლი, პანკრეასი. როგორც წესი პროცედურა ტარდება 1-5 ფრაქციაში დიდი დოზით და მოითხოვს მაღალ სიზუსტეს და სპეციალურ საფიქსაციო მოწყობილობებს.

 

რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია Q-fix-ის თანამედროვე საფიქსაციო მოწყობილობებით, რომლებიც სხვადასხვა დიაგნოზების შემთხვევაში პაციენტების განსხვავებული პოზიციონირების საშუალებას იძლევა. Prone G2 Breast Device და SofTouch™ Elite Bellyboard წარმოადგენს უნიკალურ საფიქსაციო სისტემებს, რომელთა გამოყენებითაც პაციენტის პოზიციონირება ხდება ფრონ პოზიციაში (მუცელზე წოლითი პოზიცია).  პაციენტის სწორი პოზიციონირება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გვერდითი ეფექტებისა და გართულებების შემცირებაზე. აქედან გამომდინარე, უზრუნველყოფს მკურნალობის შედეგების ოპტიმიზაციას.

 

  • Prone G2 Breast Device-ი გამოიყენება ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებში ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაციების შემდგომ. ბორდის დიზაინი იძლევა უნიკალურ საშუალებას მკვეთრად შემცირდეს დოზა გულზე და ფილტვზე, ამავდროულად უზრუნველყოფს დოზის ერთგვაროვან გადანაწილებას, კანის ტოქსიურობის შემცირებას და მინიმუმამდე ამცირებს დასასხივებელი არის სუნთქვით მოძრაობას.

 

  • SofTouch™ Elite Bellyboard-ი გამოიყენება მენჯის ღრუში არსებული პათოლოგიების მკურნალობის დროს. ბორდის დიზაინი იძლევა საშუალებას ნაწლავის მარყუჟები გადანაცვლდეს მუცლის ღრუში და ანატომიურად დაშორდეს დასასხივებელ არეს.