20 Hоябрь, 2020

ქუთაისში კოვიდ-დადებითი პაციენტი მწვავე ქოლეცისტიტისგან განკურნეს

ქუთაისში კოვიდ-დადებითი პაციენტი მწვავე ქოლეცისტიტისგან განკურნეს
ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც კოვიდ-დადებითი პაციენტების მკურნალობა უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად მიმდინარეობს, მორიგი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა.

ცხელების ცენტრში პაციენტი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრიდან გადაიყვანეს, სადაც ის მაღალი ტემპერატურისა და მუცლის ტკივილის ჩივილებით მოხვდა. პროტოკოლის თანახმად, 67 წლის ქალს ჰოსპიტალში მოხვედრისას საჭირო გამოკვლევების გარდა PCR ტესტიც ჩაუტარდა. მას მწვავე ქოლეცისტიტთან ერთად, კორონავირუსიც დაუდასტურდა. შედეგად, პაციენტი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

თავდაპირველად, ექიმებმა კონსერვატიულ მკურნალობას მიმართეს, თუმცა, საბოლოოდ, ქოლეცისტექტომიის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ასევე, პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგანაც.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალში კოვიდ-დადებითი პაციენტების სამკურნალოდ ამჟამად 120 საწოლია გაშლილი. კლინიკამ სახელმწიფოს მხარდასაჭერად ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საწოლფონდის გამოყოფაზე მზაობა პანდემიის პირველი ტალღის დროს, მაისის თვეშიც გამოთქვა. ჰოსპიტალი კოვიდ-დადებით პაციენტებს უწყვეტ რეჟიმში, მულტიპროფილურად ემსახურება.