29 Mарт, 2021

პირველად ნეიროქირურგიული ოპერაცია მინიინვაზიური მეთოდით ჩატარდა

პირველად ნეიროქირურგიული ოპერაცია მინიინვაზიური მეთოდით ჩატარდა

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია მინიინვაზიური მეთოდით ჩატარდა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში სხვა სამედიცინო დაწესებულებიდან ავტოავარიის შედეგად მიღებული დაზიანებებით შემოიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა წელის მეოთხე მალის კომპრესიული მოტეხილობა. დიაგნოზი ჩატარებული რენტგენოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად დადასტურდა. კომპრესიული მოტეხილობის ხარისხიდან გამომდინარე დაიგეგმა ოპერაციული ჩარევა.

„ჩვენ მინიინვაზიურ მეთოდს მივმართეთ. ჩატარდა წელის მესამე, მეოთხე და მეხუთე მალების პერკუნტალური ფიქსაცია მინიინვაზიური მეთოდით. აღნიშნულ შემთხვევაში საჭირო გახდა ორივე მხარეს მხოლოდ ორსანტიმეტრიანი განაკვეთების გაკეთება და ჩაყენდა სულ 6 ჭანჭიკი. ოპერაციამ წარმატებით, გართულებების გარეშე ჩაიარა,“ - აცხადებს კლინიკის ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, ასლან გერმანიშვილი, რომელიც 2020 წლის ბოლოს, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის გუნდს შეუერთდა.

ის ასევე მინიინვაზიური მეთოდის უპირატესობას წარმოადგენს მინიმალური ზომის განაკვეთი - მცირე ინვაზია და ქსოვილების ტრავმატიზაცია, გართულებების შემცირებული რისკი და მარტივი პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი. აღსანიშნავია, რომ ინოვაციური მიდგომით ნეიროქირურგიული ოპერაცია ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში პირველად და წარმატებით ჩატარდა. პაციენტი ბინაზე სრულიად გამოჯანმრთელებული გაეწერა.