24 Mарт, 2021

პაციენტი იშემიური ინსულტისგან განიკურნა

პაციენტი იშემიური ინსულტისგან განიკურნა
ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში სისტემური თრომბოლიზისის წარმატებული პროცედურა ჩატარდა. 58 წლის მამაკაცი კლინიკაში იშემიური ინსულტის სიმპტომების აღმოცენებიდან, დაახლოებით, 35 წუთში შეიყვანეს. პაციენტს მეტყველების, მზერისა და ყლაპვის მოშლა და მარჯვენა კიდურის ღრმა ჰემიპარეზი აღენიშნებოდა. ჰოსპიტლის ნევროლოგიურმა გუნდმა სოსო დუშაშვილის ხელმძღვანელობით მწვავე იშემიური ინსულტის დიაგნოზი მყისიერად დასვა და პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაციიდან გამომდინარე სისტემური თრომბოლიზისის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

პროცედურა პაციენტის კლინიკაში შემოყვანიდან პროტოკოლით განსაზღვრულ დროში ჩატარდა. მდგომარეობის გაუმჯობესება ძალიან მოკლე დროში დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზაციიდან 9 დღეში კი პაციენტი ბინაზე სრულიად გამოჯანმრთელებული, ინვალიდობის ნიშნების გარეშე გაეწერა.

აღსანიშნავია, რომ ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას გულისხმობს და კიდურების დამბლას, მეტყველების მოშლასა და სხვა გართულებებს იწვევს, რის გამოც ხშირად პაციენტი ცხოვრების ბოლომდე ხეიბრად რჩება. სწორედ ამიტომ ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა დროულ მკურნალობას. მწვავე ინსულტის მკურნალობისთვის ორი ძირითადი თანამედროვე მეთოდი არსებობს. უმთავრესად გამოიყენება ე.წ. სისტემური თრომბოლიზისი (სიმპტომების აღმოცენებიდან პირველი 4,5 საათის განმავლობაში) და თრომბექტომია (სიმპტომების აღმოცენებიდან მაქსიმუმ პირველი 6-8 საათის განმავლობაში), რომელიც თრომბის დაშლას ან მოცილებას კათეტერის მეშვეობით გულისხმობს. მკურნალობის შედეგი დიდწილად არის დამოკიდებული პაციენტის დროულ ჰოსპიტალიზაციაზე. შესაბამისად, რეკომენდებულია, ინსულტის სიმპტომების აღმოჩენიდან მყისიერად მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას (112) ან პროფილურ კლინიკას.