23 Cентябрь, 2020

იმერეთის რეგიონში დანერგილი ახალი სერვისი და წარმატებით ჩატარებული კუჭის ენდოსკოპიური ბალონირება

იმერეთის რეგიონში დანერგილი ახალი სერვისი და წარმატებით ჩატარებული კუჭის ენდოსკოპიური ბალონირება

კუჭის ენდოსკოპიური ბალონირება წონაში კლების ერთ-ერთი უნიკალური მეთოდია, რომელიც იმერეთის რეგიონში პირველად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გახდა შესაძლებელი.

25 წლის პაციენტმა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრს მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზით მიმართა, რომელსაც ჭარბწონიანობის ნიადაგზე აღენიშნებოდა ქვედა კიდურების შეშუპება, ადვილად დაღლა, ტკივილები მუხლის სახსრებსა და წელის არეში. კლინიკური ნიშნების შეფასებით პაციენტს კუჭის ენდოსკოპიური ბალონირება ჩაუტარდა. პროცედურას ქირურგი-ენდოსკოპისტი გივი ამირანაშვილი, ენდოკრინოლოგი ნინო ჩეჩელაშვილი და ანესთეზიოლოგი მაია მაჩიტაძე უძღვებოდნენ.   20 წუთიანი მცირე ინვაზიური ჩარევის შედეგად  კუჭში 10 სმ-იანი დიამეტრის და 30 გრამიანი გასაბერი ბალონის ენდოსკოპიური ჩაყენება განხორციელდა. პროცედურის ჩატარებიდან 6 საათში პაციენტი შესაბამისი რეკომენდაციების მითითებით ბინაზე გაეწერა.

 

საერთაშორისო მონაცემების თანახმად აღნიშნული პროცედურის შედეგად წონაში კლება  9-დან 24კგ-მდე ფიქსირდება. კუჭის ენდოსკოპიური ბალონირება ამცირებს შიმშილის გრძნობას და იწვევს დანაყრების სწრაფ შეგრძნებას, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს კვების სწორი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ბალონის კუჭში დაყოვნება შესაძლებელია 6 თვით, ამ პერიოდში  კი წონის კლება მაქსიმუმ 20-30%-ს შეადგენს.