07 Декабрь, 2020

ევექსი ჰოსპიტლები მწუხარებას გამოთქვამს გარდაცვლილი კოლეგების გამო

ევექსი ჰოსპიტლები მწუხარებას გამოთქვამს გარდაცვლილი კოლეგების გამო
ევექსი ჰოსპიტლები ქსელის მასშტაბით ექიმების გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს როგორც გარდაცვლილთა ოჯახებს, ასევე - ახალციხის ჰოსპიტლის მედპერსონალს.

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის 63 წლის და 70 წლის რეანიმატოლოგები კორონავირუსით გარდაიცვალნენ. ვირუსი ექიმებს 8 და 19 ოქტომბერს დაუდასტურდათ. დადასტურების დღესვე მედპერსონალის რეფერირება თბილისის კოვიდ-ჰოსპიტლებში განხორციელდა, თუმცა თანმხლები ქრონიკული დაავადებების ფონზე ვირუსული ინფექცია (covid-19) ორივე ექიმის შემთხვევაში მძიმედ მიმდინარეობდა. თითქმის ორთვიანი მკურნალობისა და კოლეგების მხრიდან აღმოჩენილი მაქსიმალური სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მათი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. საავადმყოფოს მედპერსონალისთვის განსაკუთრებით რთული და ემოციურია ორი პროფესიონალი ექიმის დაკარგვა, ექიმების, რომელებთანაც ახალციხის ჰოსპიტალში 25-წლიანი სამუშაო გამოცდილება აკავშირებდათ.

სამწუხაროდ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან ევექსი ჰოსპიტლების გუნდმა კორონავირუსით დაინფიცირებული 8 მედპერსონალი დაკარგა. კომპანია გარდაცვლილთა ოჯახებს ამ რთულ პერიოდში სრულ თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ თითოეული მათგანის მიერ წლების განმავლობაში ჯანდაცვის სისტემისთვის გაწეული ფასდაუდებელი შრომა გმირობის ტოლფასია.

ევექსი ჰოსპიტლები ქედმოხრით და დიდი პატივისცემით უხდის მადლობას ქსელის თითოეულ მედპერსონალს და სრულიად საქართველოს ექიმებს ბრძოლის წინა ხაზზე დგომისა და თითოეული გადარჩენილი პაციენტის სიცოცხლისთვის.