06 Hоябрь, 2020

ძლიერი კლინიკური ხარისხის გუნდი ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში, რომელიც კოვიდ-ინფიცირებულთა სამედიცინო ცენტრის სტატუსით ფუნქციონირებს

ძლიერი კლინიკური ხარისხის გუნდი ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში, რომელიც კოვიდ-ინფიცირებულთა სამედიცინო ცენტრის სტატუსით ფუნქციონირებს

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი ერთ-ერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა ევექსის ჰოსპიტალურ ქსელში, სადაც კლინიკური პროცესების და სამედიცინო მომსახურების ხარისხის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე უკვე ერთი წელია, ხარისხის სამსახურის რესტრუქტურიზაცია და გაძლიერება განხორციელდა. პროცესების მონიტორინგი ხარისხის ლოკალური გუნდისა და სათავო ოფისის მუდმივი თანამშრომლობით ხორციელდება. ნამდვილად მნიშვნელოვანია ის ხარისხობრივი შედეგები, რომელსაც ჰოსპიტალმა ბოლო პერიოდში მიაღწია.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალებით დაკომპლექტებული ხარისხის გუნდის არსებობას განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჰოსპიტალი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების სამკურნალო ცენტრად გადაკეთდა, რამაც ხარისხის სამსახურის  პასუხიმგებლობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ ევექსი ჰოსპიტლები ერთ-ერთი პირველი სამედიცინო ქსელი იყო ქვეყანაში, რომელმაც სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში საწოლფონდის გამოყოფაზე გამოთქვა მზაობა. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე,  ოქტომბრის ბოლოდან ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი კოვიდ-ცენტრად გადაკეთდა და ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ სრული მზაობა გამოხატა. კლინიკის ხარისხის დირექტორის, შორენა კიწმარიშვილის შეფასებით, ხარისხის სამსახურის ერთწლიანმა მუშაობამ ეპიდ-სიტუაციის მართვის კუთხით მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. 

„საკუთარ თავზე აიღო ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი, მულტიპროფილური ჰოსპიტლის ხარისხის დირექტორის პასუხისმგებლობა, მარტივი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის. სამედიცინო საქმიანობის ხარისხი ხომ ფართო ცნებაა და უამრავ კრიტერიუმს აერთიანებს. მით უმეტეს, საუბარია პაციენტის უსაფრთხოებაზე, მის ეფექტურ მკურნალობასა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე.

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა ქსელში, სადაც ხარისხის სამსახური გაფართოვდა. გუნდი მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდა და შეიქმნა ერთიანი სტრუქტურა, რომელიც არსებული გამოწვევების დაძლევაში გვეხმარება. ჩვენი საქმიანობა მოიცავს როგორც კლინიკური ხარისხის მართვას, ასევე - ინფექციის კონტროლსა და პრევენციას, ურთიერთობას მარეგულირებელ სტრუქტურებთან, სხვადასხვა ფუნქციური კომისიის შექმნას და სხვა. ყოველივე ამას კი იმ მძლავრი კლინიკური, საოპერაციო და საექთნო გუნდის, მთელი მედპერსონალის დახმარებით ვახერხებთ, რომელიც 24/7-ზეა მზად, საკუთარი საქმე პირნათლად შეასრულოს.

ჩვენი გუნდი უდიდეს მხარდაჭერას გრძნობს სათავო ოფისის ხარისხის სამსახურის მხრიდან. ხარისხის დეპარტამენტის დირექტორი, ქალბატონი დეა ნიჟარაძე თავის გუნდთან ერთად მუდმივ მზაობას გამოთქვამს, დახმარება გაგვიწიოს როგორც კლინიკურ, ისე - ორგანიზაციულ საკითხებში. ასევე, აქტიურ რეჟიმში ტარდება ტრენინგები, დისტანციური შეხვედრები და სხვა. სხვადასხვა მიმართულების სამედიცინო ექსპერტთა საბჭოები (კლინიკური ბორდები) კი ჩვენს ექიმებს კლინიკური თვალსაზრისით უდიდეს დახმარებას უწევენ.

ჩვენი ჰოსპიტალი დღეს სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა. კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ქსელის კლინიკური გუნდი თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე პირადად ზრუნავს. უნდა ავღნიშნო დისტანციური შემოვლები, რომლებსაც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორი, გია ხურციძე და ევექსი ჰოსპიტლების დირექტორის მოადგილე კლინიკური მიმართულებით, მამუკა ჩხაიძე ახორციელებენ. ისინი ყოველდღიურად სტუმრობენ დისტანციურად მათ, ვინც ჩვენი გუნდის დახმარებით კოვიდ 19-ის დამარცხებას ცდილობს.

ვფიქრობ, არსებულ გამოწვევებს აუცილებლად წარმატებით დავძლევთ. კლინიკური ხარისხის გაძლიერება ხომ უწყვეტი პროცესია და მის მუდმივ გაუმჯობესებაში საქმისადმი ერთგული ადამიანები არიან ჩართულნი.“


შორენა კიწმარიშვილი, ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ხარისხის დირექტორი