17 Июль, 2020

ბათუმელმა ექიმებმა 9 წლის ბიჭი გადაარჩინეს

ბათუმელმა ექიმებმა 9 წლის ბიჭი გადაარჩინეს
მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ხულოს საავადმყოფოდან 9 წლის ბიჭი გადაიყვანეს, რომელიც ველოსიპედიდან გადმოვარდა და მარჯვენა გულმკერდის მეცხრე-მეათე ნეკნის მიდამოთი ველოსიპედის საჭეს ზედ დაეცა. პატარ პაციენტს მუცლის ღრუს არეში ძლიერი ტკივილი აღენიშნებოდა.

ხულოს საავადმყოფოში პირველადი სათანადო დახმარების გაწევის მიუხედავად, პაციენტს ტკივილი გაუძლიერდა, რასაც თან დაერთო პირღებინებაც. ბიჭის მდგომარეობა ბათუმელი ექიმების მიერ მძიმედ შეფასდა. მას მარჯვენა ნეკნის რკალის მიდამოში ჰემატომა განუვითარდა. მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითმა გამოკვლევა და CT კვლევამ კი ღვიძლის ტრავმა გამოავლინა.

ექიმების გუნდმა თენგიზ თებიძის ხელმძღვანელობით ლაპარატომიის (მუცლის ღრუს კედლის გაკვეთა) ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. განხორციელდა დაზიანებული ღვიძლის უბნის გაკერვა და სანაცია-დრენირება. ოპერაციის შედეგად ღვიძლის მთლიანობა აღდგა. პაციენტი ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა.