07 Aпрел, 2022

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი კოვიდ-კლინიკის სტატუსით ფუნქციონირების შემდეგ ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი, რომელიც კოვიდ-პაციენტების მართვაში სრულად იყო ჩართული, ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. „ევექსის“ ინფორმაციით, ამიერიდან, ჰოსპიტალში სხვადასხვა მიმართულებით სამედიცინო სერვისების მიღება კვლავ სრული დატვირთვით არის შესაძლებელი.

„მათ შორის, ხელმისაწვდომია აბდომინალური ქირურგიის სრული სერვისი, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, სისხლძარღვთა და გულმკერდის ქირურგია, კარდიოლოგია, პულმონოლოგია, ნევროლოგია და სხვა. იმერეთის რეგიონში სიდიდით მეორე სამედიცინო დაწესებულება კოვიდ-პაციენტების მართვაში პანდემიის პირველივე ტალღიდან ჩაერთო. 144 საწოლზე გაშლილი ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი ინფიცირებულებს სრული დატვირთვით ემსახურებოდა. თითქმის 3 წლის განმავლობაში წარმატებით იმართა 4 500-მდე კოვიდ-პაციენტი. ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი მსხვილი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც წელიწადში 29 000-ზე მეტ პაციენტს ემსახურება და მათ გეგმურ თუ გადაუდებელ სერვისებს 24-საათიან რეჟიმში სთავაზობს. კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტებით და აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით, რაც დადებით გამოსავალს ზრდის და პაციენტების ჯანმრთელობას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია „ევექსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.