16 Июнь, 2022

ორთოპედიის, ტრავმატოლოგიისა და ხერხემლის ცენტრი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედია-ტრავმატოლოგიისა და ხერხემლის ცენტრი პაციენტებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების, ტრავმული დაზიანებებისა და ხერხემლის დეფორმაციების დიაგნოსტირებას, მკურნალობასა (ამბულატორიული და სტაციონარული) და პოსტოპერაციულ მართვას სთავაზობს.

დეპარტამენტში სადიაგნოსტიკოდ კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური კვლევები გამოიყენება.

ორთოპედია-ტრავმატოლოგიისა და ხერხემლის ცენტრში ხორციელდება:

  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმულ დაზიანებათა სრული მართვა, მინიმალურად ინვაზიური, ე.წ უსისხლო მეთოდებით;
  • სახსრებისა და კიდურების თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების მკურნალობა (მენჯ-ბარძაყის სახსრების, ტერფისა და ნევროლოგიური პრობლემის მქონე პაციენტებში განვითარებული დეფორმაციების კორექცია, არასწორად კონსოლიდირებული (შეხორცებული) მოტეხილობების კორექცია, არათანაბარი სიგრძის მქონე კიდურების გათანაბრება, კისერმრუდობის კორექცია და სხვა.);
  • ძვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა;
  • ხერხემლის თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების კორექცია.

ცენტრში მომსახურების მისაღებად პაციენტები წინასწარ უნდა ჩაეწერონ ნომერზე 2-53-00-33.

აღსანიშნავია, ორთოპედიისა და ხერხემლის ცენტრის მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილება მიღებული აქვს აშშ-ს, ჰონგ-კონგის, გერმანიისა და თურქეთის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში. გუნდს, რომელშიც პროფესორები: ირაკლი ვარძუკაშვილი და ბიძინა კანაშვილი ერთიანდებიან, მერაბ ვარძუკაშვილი ხელმძღვანელობს.