01 Mарт, 2021

ონკოლოგიის ცენტრი ქალბატონებს გინეკოლოგიური მიმართულებით უფასო კონსულტაციებს სთავაზობს

ონკოლოგიის ცენტრი პაპილომა ვირუსის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალბატონებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს. 4 მარტს სამედიცინო ცენტრი ქალბატონებს გინეკოლოგის კონსულტაციას და გინეკოლოგიურ ულტრაბგერით კვლევებს ქუთაისში, ჯავახიშვილის ქ. №85-ში უფასოდ შესთავაზებს.

კონსულტაციების შედეგად გამოვლენილ რთულ კლინიკურ შემთხვევებს ონკოლოგიის ცენტრის ადგილობრივ გუნდთან ერთად ევექსი ჰოსპიტლების ექიმ-ონკოლოგების სამედიცინო ექსპერტთა საბჭო განიხილავს. კონსილიუმის ფორმატში მკურნალობის გზებს ქართველ ექიმებთან ერთად, უცხოეთში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები დასახავენ. კონსილიუმი დანიაში და ჰოლანდიაში მოღვაწე ონკო ბორდის წევრების ზაზა უჯმაჯურიძის და ალექსი ბაიდოშვილის ჩართულობით დაიგეგმება.

აღნიშნული აქცია ევექსი ჰოსპიტლების ექიმ-ონკოლოგების ექსპერტთა საბჭოს ორგანიზებით ხორციელდება და იმერეთის რეგიონში საშვილოსნოს ყელის გეგმიური სკრინინგის მხარდაჭერას ემსახურება, რადგან ვირუსის დროული გამოვლენა და მკურნალობის სწორი დაგეგმვა დაავადების პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოსახლეობის მხარდასაჭერად და მათთვის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ევექსი ჰოსპიტლების ექიმ-ონკოლოგების სამედიცინო ექსპერტთა საბჭო უფასო სამედიცინო კონსულტაციების ჩატარებას აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებშიც გეგმავს. აღნიშნულ აქციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.evexhospitals.ge



თარიღი - 4 მარტი
ლოკაცია: "ონკოლოგიის ცენტრი" - ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №85

09:30 - 17:30 - გინეკოლოგის, ონკო-გინეკოლოგის, საჭიროების შემთხვევაში კლინიკური და რადიაციული ონკოლოგების უფასო კონსულტაციები ყველა ქალბატონისათვის. ასევე ყველა მოსულ ქალბატონს ჩაუტარდება უფასო გინეკოლოგიური ულტრაბგერითი კვლევა.



თარიღი - 5 მარტი
ლოკაცია: "ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი" - ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. №206

11:00 - 15:00 სთ- ონკოლოგიური პაციენტებისათვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ - ეთერ ნათელაური - რადიაციული ონკოლოგი, ხათუნა ბიბიჩაძე - ონკო-ჰემატოლოგი და კლინიკური ონკოლოგი, ლექსო ლაგვილავა - ონკო-ქირურგი.


თარიღი - 15 მარტი
ლოკაცია : "ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი" - ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125

12:00 – 18:00 სთ- ონკოლოგიური პაციენტებისათვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ - ეთერ ნათელაური - რადიაციული ონკოლოგი, ხათუნა ბიბიჩაძე - ონკო-ჰემატოლოგი და კლინიკური ონკოლოგი და ალექსი ბაიდოშვილი - ჰოლანდიის წამყვანი ლაბორატორიის პათოლოგ-ანატომი.