14 Июнь, 2021

მომავალ მშობლებს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ბაზაზე არსებული მშობელთა სკოლა მოემსახურება

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში მშობელთა სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით ორსულებსა და მათი ოჯახის წევრების ცოდნის ამაღლებას უზრუნველყოფს. პროექტის სრული კურსი 6 გაკვეთილისგან შედგება და აერთიანებს ორსულობისთვის, მშობიარობისთვის და ბავშვის მოვლისთვის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მომზადებას.

მშობელთა სკოლის მაღალკვალიფიციური გუნდი დაკომპლექტებულია მეან გინეკოლოგების, ნეონატოლოგების, ფიზიკური თერაპევტებისა და ფსიქოლოგებისგან. თითოეული გაკვეთილი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე თემატური ვიდეო-მასალების ჩვენებას.

მშობელთა სკოლა მომავალ მშობლებს დაეხმარება სწორად დაგეგმონ ორსულობა, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ფეხმძიმობის პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე, საჭიროებებსა და ნაყოფის განვითარებაზე. მშობელთა სკოლა გამოცდილი ინსტრუქტორის მეთვალყურეობით მომავალი დედებისთვის ორსულობის ვადის შესაბამის სპეციალურ ვარჯიშებს უზრუნველყოფს, რომელიც მშობიარობის პროცესის გაადვილების ერთ-ერთი ხელშემწყობი აქტივობაა. ასევე აღსანიშნავია ფსიქოლოგების მნიშვნელოვანი როლი სალექციო კურსის განმავლობაში, რომლებიც მომავალ დედებს მშობიარობის პროცესისადმი შიშის დაძლევაში და მშობიარობის შემდგომი ემოციური პერიოდის მართვაში ეხმარებიან.

მშობელთა სკოლის კურსზე ჩასაწერად მსურველებს საშუალება აქვთ დარეკონ ნომერზე: 032 2 600 600