02 Август, 2021

ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სტატუსი მიენიჭა

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
აკადემიური განვითარების ფართო შესაძლებლობები


ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სტატუსი მიენიჭა. ეს აკადემიური ხარისხის მუდმივ გაძლიერებასა და უწყვეტ საგანმანათლებლო პროცესს მოიაზრებს, რაც მეტ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. სამედიცინო ცენტრში მუდმივად ჩატარდება საჯარო ლექციები, ონლაინ სწავლება და მასტერკლასები, მათ შორის საზღვარგარეთ მოღვაწე სპეციალისტების ჩართულობით. ამისათვის ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში არსებობს ყველანაირი პირობა - ხორციელდება მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული მკურნალობა და მუშაობს მაღალკვალიფიციური, მულტიპროფილური გუნდი.


ჰოსპიტლის სახელობაც გამორჩეული კლინიცისტის მოღვაწეობას უკავშირდება. ივანე ბოკერიას ევექსის, როგორც ჰოსპიტალური ქსელის დაარსებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კომპანიის კლინიკურ მიმართულებას და აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო პროცესებში. სწორედ მის სახელს უკავშირდება ღვიძლის პირველი ტრანსპლანტაცია საქართველოში, რომელიც 2014 წელს, წარმატებით განხორციელდა. ასევე, მისი ძალისხმევით დაინერგა სარეზიდენტო პროგრამა ქსელში. კლინიცისტის სახელობის ჰოსპიტალი კი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გუნდითა და ძლიერი, მრავალფეროვანი სერვისებითაა წარმოდგენილი.


ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი სტატუსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. თბილისის ღია უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, კლინიკის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაიღრმავონ. მით უმეტეს, რომ ჰოსპიტალში შემუშავებულია უახლესი პროტოკოლები და გაიდლაინები, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები და მოქმედებს ელექტრონული სამედიცინო ისტორიის წარმოების მექანიზმი.


მემორანდუმის მიხედვით, სტუდენტებს, რომლებიც თბილისის ღია უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ინგლისურენოვან პროგრამაზე ისწავლიან, 2021 წლის სექტემბრიდან ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ სასწავლო გრანტი, რომელიც 100 000 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 3 სტუდენტს დიპლომისშემდგომი სწავლება, ხოლო ყველაზე მაღალი ქულების მქონე 5 აბიტურიენტს უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსდება. ასევე, ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს სამედიცინო მენეჯმენტის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის შექმნასაც, რაც ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების განვითარებასა და ინტერდისციპლინარული მენეჯმენტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.


თანამშრომლობის მსგავსი ფორმატი სამედიცინო კომპანიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის საქართველოში პირველია. ექსკლუზიური მემორანდუმი სწავლების თეორიული თუ პრაქტიკული უახლესი მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად.