ტონზილიტი(ანგინა)

Советы მცირეწლოვანი ბავშვები
რა არის ტონზილიტი?

ტონზილიტი ეს არის ნუშურა ჯირკვლის ანთებაა, ნუშურა ჯირკვალი კი ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ხახის ორივე მხარეზე არის განლაგებული.

ლიმფური სისტემის სხვა ორგანოებთან ერთად ტონზილები მოქმედებენ როგორც იმუნური სისტემის ნაწილი, გამოიმუშავებენ რა იმუნოგლობულინებს, ანტისხეულებს და განაპირობებენ ინფექციებისაგან დაცვას, განსაკუთრებით ეს ეხება ზემო სასუნთქი გზების ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებს.

როდის არის ტონზილიტი უფრო ხშირი?

მწვავე ტონზილიტის სიხშირე შედარებით მაღალია გვიანი შემოდგომიდან ადრეული გაზაფხულის პერიოდამდე. იგი უფრო ხშირია 5-10 წლის ასაკის ბავშვებში.

რა იწვევს ტონზილიტს?

ტონზილიტის ძირითად გამომწვევს წარმოადგენს ვირუსული (40%) და ბაქტერიული (30%) ფლორა. ვირუსებიდან უხშირესია ადენოვირუსი, ხოლო ბაქტერიებიდან ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი.

რა არის ტონზილიტის ნიშნები?

ტონზილიტის კლასიკური სიმპტომები მოიცავენ ყელის ტკივილს, ყლაპვის გაძნელებას, ცხელებას, საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს. ნუშურა ჯირკვლები შესიებულია, შეწითლებული ან მათზე აღინიშნება ჩირქოვანი ნადები. კისრის წინა ლიმფური ჯირკვლები შესიებულია. ამ ნიშნების არსებობის შემთხვევაში უფრო შესაძლებელია დაავადების გამომწვევი ბაქტერია იყოს.

თუ აღინიშნება ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ხმის ჩახლეჩა, კონიუნქტივიტი და დიარეა უფრო საფიქრებელია დაავადების გამომწვევი ვირუსი იყოს.

საავადმყოფოში მოთავსება იშვიათად არის აუცილებელი. ჰოსპიტალიზაციის სასწრაფო ჩვენებას წარმოადგენს სტრიდორი (ხმაურიანი, გაძნელებული ჩასუნთქვა) ყელის ტკივილთან ერთად. ასევე პერიტონზილური აბსცესის ის შემთხვევები, როდესაც საჭიროა ოტოლარინგოლოგის მეთვალყურეობა და პარენტერალური ანტიბიოტიკები.

განსაკუთრებით საშიშია ტონზილიტის გართულებები, როგორიცაა რევმატული ცხელება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, გლომერულონეფრიტი.

როგორ უნდა ვუმკურნალოთ ტონზილიტს?

თუ ტონზილიტის გამომწვევი ვირუსია, მაშინ უნდა გამოვიყენოთ  ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი უსაფრთხო მედიკამენტები (არ შეიძლება ანალგინის და ასპირინის გამოყენება 12 წლამდე ასაკში), მივცეთ სითხე და თხიერი საკვები.

თუ ტონზილიტის გამომწვევი ბაქტერია, ექიმის მიერ მიიღება გადაწყვეტილება ანტიბიოტიკის გამოყენების შესახებ.

როდის უნდა ჩატარდეს ტონზილექტომია?

ტონზილების ქირურგიული გზით მოცილება (ტონზილექტომია) საჭიროებს ხანმოკლე ჰოსპიტალიზაციას და ზოგად ანესთეზიას. ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნება საშუალოდ 2 კვირა საჭიროებს, შესაბამისად ეს დრო დაკარგულია სწავლის ან მუშაობისათვის.

ქვემოთ მოყვანილია ტონზილექტომიის კრიტერიუმები როგორც მოზრდილების, ისე ბავშვებისათვის. არსებობს ოპერაციის რამდენიმე ჩვენება:
  • ნუშურა ჯირკვლების გადიდება, რაც იწვევს ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქციას (სუნთქვის გაძნელებას), ძილის დარღვევას;
  • პერიტონზილური აბსცესი, რომელიც არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას;
  • ტონზილიტის სამი და მეტი ეპიზოდი წლის განმავლობაში შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობის მიუხედავად.
გასათვალისწინებელია ასევე, რომ გადაწყვეტილება ტონზილექტომიასთან დაკავშირებით მიღებული უნდა იყოს პედიატრის და ოტოლარინგოლოგის ერთობლივი კონსულტაციის შემდეგ.