თავის ტკივილი ბავშვებში

Советы მცირეწლოვანი ბავშვები
თავის ტკივილი ბავშვთა ასაკში საკმაოდ გავრცელებული ჩივილია. უმეტეს შემთხვევაში  იგი  არ წარმოადგენს სერიოზულ პათოლოგიას. მოზრდილთა მსგავსად   ბავშვთა ასაკშიც   თავის ტკივილი სხვადასხვა ტიპის გვხვდება, მაგალითად  შაკიკი,  სტრესთან დაკავშირებული /დაძაბულობის/ თავის ტკივილი,  ქრონიკული, ყოველდღიური თავის ტკივილი და სხვ.   თავის ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს ინფექციით, სტრესით, თავის მცირე ტრავმით.

ბავშვთა ასაკში თავის ტკივილის ვარიანტები ძირითადად    მოზრდილ ასაკში განვითარებული თავის ტკივილის ტიპების მსგავსია, თუმცა  სიმპტომატიკა მაინც მთელი რიგი თავისებურებებით  ხასიათდება. მაგალითად, შაკიკის შეტევა ბავშვებში უფრო ხანმოკლეა, იშვიათად გრძელდება რამდენიმე საათის მანძილზე, რაც მეტად  დამახასიათებელია მოზრდილი ასაკისთვის.  ხშირად პატარა ასაკში ძნელია თავის ტკივილის ტიპის ზუსტი დადგენა, ვინაიდან ამ ასაკში ბავშვებს  ხშირად არ შეუძლიათ ტკივილის და სიმპტომების ზუსტი  აღწერა.

შაკიკი ბავშვთა ასაკში ხასიათდება:
  • ძლიერი, მოპულსირე თავის ტკივილით
  • ტკივილი ძლიერდება დაძაბვასთან ერთად
  • ბავშვს აქვს ფოტოფობია,  არის ძლიერ მგრძნობიარე ხმაურის მიმართ.
  • ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს გულის რევა, ღებინება, მუცლის ტკივილი.
შაკიკი შესაძლოა განვითარდეს ძლიერ მცირე ასაკშიც კი ჩვილობის ასაკის ჩათვლით.  ძლიერ პატარა ასაკში  თავის ტკივილის დროს ბავშვი წუხს, ტირის,  ხშირად ამ დროს ბავშვს  თავი უჭირავს ხელებით.

დაძაბულობის თავის ტკივილი ხასიათდება:
  • მოჭერითი ხასიათის ტკივილით  თავის ან კისრის არეში
  • არამოპულსირე თავის ტკივილით
  • ტკივილი  უარესდება ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით
  • ტკივილი არ ახლავს გულის რევა და ღებინება
დაძაბულობის თავის ტკივილი შესაძლოა გრძელდებოდაეს   30 წუთიდან რამოდენიმე დღემდეც კი. ამ დროს ბავშვი  მოწყენილია, წუხს, უარს ამბობს თამაშზე და ჩვეულ აქტივობაზე.

კლასტერული თავის ტკივილი  იშვიათია 10  წლამდე ასაკში. მისთვის დამახასიათებელია:
  • ხუთი ან მეტი ეპიზოდის ზედიზედ განვითარება 
  • ტკივილი არის მძაფრი,  როგორც წესი ცალმხრივი,  ხანმოკლე, კლასტერი იშვიათად გრძელდება 3 სთ–ზე მეტხანს.
  • შესაძლოა თანხლებული იყოს ცრემლდენით, ცხვირიდან გამონადენით,  აჟიტირებით.
ქრონიკულად ითვლება თავის ტკივილი, რომელიც ვითარდება თვეში 15 დღის მანძილზე მაინც.  ქრონიკული თავის ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს  ინფექციით, თავის მცირე ტრავმით,  სხვადასხვა  მედიკამენტით.

ბავშვთა ასაკში განვითარებულ თავის ტკივილთა უმრავლესობა არ არის საშიში.

საშიშროების ნიშნები შემდეგია:
  • თუ ტკივილის სიხშირე და ინტენსივობა დროთა განმავლობაში მატულობს
  • ტკივილი აღვიძებს ბავშვს ღამით
  • ტკივილი იმდენად ინტენსიურია,  რომ ბავშვს ეცვლება განწყობა, ხასიათი
  • ტკივილი ვითარდება ტრავმის ფონზე
  • თანხლებულია გულისრევით და ღებინებით, მხედველობის  გაუარესებით
  • ტკივილი თანხლებულია ცხელებით, კისრის რიგიდობით
თავის ტკივილი ბავშვთა ასაკში ხშირად სიმპტომურია და ვითარდება სხვადასხვა პათოლოგიის ფონზე, როგორიცაა:
  • ინფექციები და ბავშვთა დაავადებები, მაგალითად  ვირუსული ინფექციები,  სინუსიტი. უფრო სერიოზული და საშიში მიზეზი შეიძლება იყის ნეიროინფექცია, მაგ. მენინგიტი ან ენცეფალიტი, თუმც ეს დაავადებები  თავის ტკივილის გარდა მთელი რიგი სხვა  კლინიკური ნიშნებით ხასიათდებიან.
  • თავის ტრავმა. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს  ტრავმის სიმძიმეს. ასევე განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო თუ ტრავმის შემდეგ ტკივილის ინტენსივობა მატულობს.
  • მნიშვნელოვანია სტრესი და ემოციური ფაქტორები, თავის ტკივილი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს  ბავშვებში დეპრესიის დროს.
  • მნიშვნელოვანია გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით  შაკიკის დროს
  • გარკვეული სახის საკვების მიღება  შესაძლოა  თავის ტკივილის განვითარების  მაპროვოცირებელი იყოს. ითვლება რომ ისეთი  პროდუქტები, როგორიცაა შებოლილი ყველი,  შოკოლადი, მარინადი, არაჟანი, იოგურტი,  თხილი, მიწის თხილის კარაქი, ნებისმიერი საკვები, რომელიც შეიცავს მონოსოდიუმ გლუტამატს,  მჟავე კომბოსტო, ასპარტამი, დიდი რაოდენობით ციტრუსები, ბანანი, შესაძლოა ასოცირებულნი იყვნენ შაკიკის შეტევის განვითარებასთან.
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული პათოლოგია, როგორიცაა სიმსივნე ან ტვინის აბსცესი, შესაძლოა  პროგრესირებადი თავის ტკივილის განვითარების მიზეზი  გახდეს.
თავის ტკივილის ბუნების დასადგენად  მნიშვნელოვანია კარგად იქნეს შესწავლილი  თავის ტკივილის ისტორია, ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური გასინჯვა, ნევროლოგიური სტატუსის შეფასება.  მთელ რიგ შემთხვევებში შესაძლოა დაგვჭირდეს თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია.

სიმპტომური თავის ტკივილის დროს   ძირითადად  მიმართავენ  სიმპტომურ მკურნალობას. ფართოდ გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგ. იბუპროფენი, პარაცეტამოლი.  შაკიკის დროს, თუ შეტევები იშვიათია,  ინიშნება მკურნალობა უშუალოდ შეტევის დროს (აბორტული თერაპია). ხშირი თავის ტკივილების დროს (ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი) შესაძლოა ხანგრძლივი მკურნალობაც კი გახდეს საჭირო.