ნაწლავური ინფექციები

Советы მოზრდილები

ზაფხულობით როგორც წესი განსაკუთრებით  აქტუალური ხდება კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, რომლებიც უმეტესად დიარეით (ფაღარათით) ვლინდება. დიარეა ბავშვთა ასაკის ერთერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა  და არცთუ უსაფრთხო  განსაკუთრებით მცირე ასაკის  ბავშვთათვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით  დიარეა 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის გამომწვევი დაავადებების ხუთეულში შედის.   

დიარეა არის ნაწლავთა გახშირებული  მოქმედება (დღე-ღამეში სამზე მეტი)  შეცვლილი, ჩვეულებრივზე მეტი მოცულობის ,ჭარბად სითხის და/ან  პათოლოგიური მინარევების(სისხლი, ლორწო) შემცველი  მასით. მდგომარეობა  ვითარდება ნაწლავის მიერ სითხისა და ელექტროლიტების (მარილების) შეწოვის პროცესის დარღვევის შედეგად. 

მიმდინარეობის მიხედვით   განასხვავებენ მწვავე და გახანგრძლივებულ  დიარეას. გახანგრძლივებულად(პერსისტიულად)  ითვლება დიარეა, რომელიც გრძელდება  2 კვირა და მეტი.

გამომწვევი  მიზეზები  

დიარეის  მწვავე ფორმის  ყველაზე გავრცელებული მიზეზია ინფექცია  რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ვირუსებით, ისე ბაქტერიებითა და უმარტივესებით.

ინფექციური ფაღარათები აღინიშნება დიზენტერიის, სალმონელოზის, კვებითი ტოქსიკოინფექციების, ვირუსული დაავადებების, ამებიაზის და სხვა დროს.

გარდა ინფექციისა, დიარეა შესაძლოა განპირობებული იყოს:

  • მედიკამენტებით (ანტიბოტიკები, საფაღარათო საშუალებები,  ანტაციდები და სხვა);
  • კვებითი ალერგენებით ან საკვების აუტანლობით    (ალერგია ძროხის რძეზე, სოიოს ცილაზე და სხვა),არასწორი  კვებით
  • მონელებისა და შეწოვის პროცესების დარღვევით (ლაქტოზის, საქაროზის, იზომალტოზის დეფიციტი, მალაბსორბცია და სხვა);
  • ქიმიოთერაპიით ან რადიაციით გამოწვეული ენტერიტით;
  • ქირურგიული პათოლოგიებით (აპენდიციტი, ნაწლავთა ინვაგინაცია);
  • ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტით (ნიაცინის, ფოლიუმის მჟავას) ან ჰიპერვიტამინოზით (ვიტამინი C, ვიტამინი B3);
  • ინტოქსიკაციით  (მძიმე მეტალები -ვერცხლის წყალი, სხვადასხვა  ტოქსინები);
  • დიარეა ჩნდება ნაწლავის კინეტიკური  ფუნქციის-პერისტალტიკის დარღვევის შედეგად, ამიტომ მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს  სტრესიც.

დიარეის ძირითადი სიმპტომები:

  • მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცელში;
  • მუცლის შებერვა;
  • ნაწლავების მოქმედების გახშირება.

ფაღარათის (დიარეის) მიზეზიდან გამომდინარე, შეიძლება სხვა ნიშნებიც გამოვლინდეს:

  • ცხელება;
  • ლორწოიანი, ჩირქიანი და/ან სისხლიანი განავალი;
  • გულისრევა, ღებინება.
  • ტენეზმები(დეფეკაციის  ძლიერი ცრუ მოთხოვნილება)     

ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირია ვირუსული, განსაკუთრებით კი როტავირუსული დიარეა.

ვირუსული გასტროენტერიტის დასაწყისი მწვავეა – იწყება ღებინებით, შემდგომ ვითარდება ფაღარათი   და ინფექციის ზოგადი სიმპტომები: თავის ტკივილი, ცხელება, მაგრამ ეს მოვლენები, როგორც წესი გამოხატულია ზომიერად.  ფაღარათს აქვს წყლიანი ხასიათი, დაკარგული სითხე შეიცავს მცირე რაოდენობის ცილას, მაგრამ დიდი რაოდენობით მარილებს და  შეიძლება ადვილად განვითარდეს გაუწყლოების მდგომარეობა , რაც ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სითხისა და მარილების ჭარბ დანაკარგზე მიუთითებს. ეს ნიშნებია კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, თვალების ჩაცვენა, უცრემლო ტირილი , ძლიერი აგზნება ან, პირიქით, ლეთარგია ანუ ძილად მივარდნა, სითხისა და საკვების მიღების შეუძლებლობა და სხვა.

არაინფექციური აგენტებით (მაგალითად, მედიკამენტებით, მალაბსორბციით) განპირობებულ  დიარეის შემთხვევებში ტემპერატურული რეაქცია და ინტოქსიკაცია, წესისამებრ, არ არის გამოხატული.

ინფექციური დიარეის დროს(ბაქტერიული  წარმოშობის)  განავალში  ვლინდება ლორწო, ჩირქი და სისხლი.

დიაგნოსტიკა

ფაღარათის გამომწვევის დიაგნოსტირებისთვის  ხდება განავლის გამოკვლევა პათოლოგიურ ფლორაზე, მარტივ მიკრო-ორგანიზმებზე და ჰელმინტებზე. თუ ფაღარათი გახანგრძლივებულია ან ქრონიკული, ასეთ შემთხვევაში  აუცილებელია დამატებითი  დიაგნოსტიკური კვლევები

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია მისი წარმოშობის მიზეზზე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში  აუცილებელია ჩვეულებრივ სითხესთან ერთად  რეჰიდრატაციული სითხის(ე.წ. ელექტროლიტური ხსნარის)   მიწოდება.

ექიმთან ვიზიტამდე  გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, ბავშვმა ყოველი დიარეული ეპიზოდის შემდეგ  მიიღოს სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარი, 2 წლამდე ასაკში – 50-100, ხოლო 2 წლიდან – 100-200 მლ. ეს სითხე ბავშვს უნდა მივცეთ  მცირე ულუფებით (ერთი-ორი კოვზი) და ხშირ-ხშირად, რომ თავიდან ავიცილოთ ღებინებაც. გამოხატული გაუწყლოების შემთხვევაში სითხის მიწოდების გრაფიკი იცვლება და  ტარდება  ინფუზური  თერაპია  ინტრავენური   მარილოვანი ხსნარით. 

რეჰიდრატაციასთან ერთად რეკომენდებულია თუთიის პრეპარატების მიწოდება. დადგენილია, რომ თუთია იმუნური სისტემის ფუნქციობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია; მისი მიღება ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას, მისი მიმდინარეობის სიმძიმეს, ახდენს მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში დიარეის ახალი ეპიზოდების პრევენციას.

ევროპის  პედიატრ  გასტროენტეროლოგ ჰეპატოლოგ ნუტრიციოლოგთა ორგანიზაციის  რეკომენდაციით დიარეის სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პრობიოტიკებიც. ეს პრეპარატები შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავის ფლორის შემადგენელი ნაწილია და  ავლენენ ანტიმიკრობულ აქტივობას სხვადასხვა  პათოგენური, ანუ დაავადების გამომწვევი ბაქტერიის მიმართ, აფერხებენ მათ გამრავლებას ნაწლავის სანათურში, ასტიმულირებენ ადგილობრივ იმუნიტეტს, მონაწილეობენ გარკვეული ვიტამინების სინთეზში და  ზოგადად   აწესრიგებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას. პრობიოტიკებს ახასაითებთ ზომიერი ეფექტი ანუ ამცირებენ დიარეის ხანგრძლივობას  და  ნაწლავთა მოქმედების სიხშირეს.

თუ დიარეა განსაზღვრული მიკრობებითაა განპირობებული  საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია, მხოლოდ უნდა აღინიშნოს რომ  იგი მხოლოდ არსებული  ბაქტერიული ინფექციის  სამკურნალოდ გამოიყენება და ვირუსული წარმოშობის  ფაღარათის დროს უეფექტოა, მეტიც  ანტიბიოტიკის მიღება  თავად შეიძლება იყოს დიარეის გამომწვევი  მიზეზი.

საშიშროების ნიშნები

მნიშვნელოვანია  მშობლებს  ახსოვდეთ   სიმპტომები  რომელთა გაჩენისას   დაუყოვნებლივ უნდა  მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას:

  • შეუპოვარი ღებინება -საათში 3  და მეტჯერ.
  • კანისა და ლორწოვანის სიმშრალე
  • კრუნჩხვა
  • მკვეთრი აგზნება
  • გამოხატული ლეთარგია - ძილიანობა ან უგონო მდგომარეობა;
  • სითხის (მათ შორის – ორალური სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარის) მიღების შეუძლებლობა ან წყლის ხარბად სმა;

პრევენცია ( პროფილაქტიკა)

პირადი ჰიგიენის წესების დაცვა -პირველ რიგში ხელების ხშირი  დაბანა, საკვებად კარგად გარეცხილი პროდუქტის გამოყენება,   სასმელად სუფთა წყლის  გამოყენება , სურსათის მაცივარში შენახვა.