კანის სიმშრალე

Советы მოზრდილები

კანის სიმშრალე კანის გავრცელებული პრობლემაა, რომელიც დერმატოლოგებისა და კოსმეტოლოგების პრაქტიკაში ძალიან ხშირად იჩენს თავს. მშრალი კანი გამოირჩევა დაქვეითებული ელასტიურობით, აქერცვლით და ადვილად ღიზიანდება. სუბიექტურად პაციენტი უჩივის ქავილს, მგრძნობელობის მომატებას. კოსმეტიკური დეფექტი და სუბიექტური ჩივილები პაციენტის ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას განაპირობებენ. კანის სიმშრალის გამომწვევი მიზეზი ჰიდროლიპიდური დისბალანსია, რომელიც კანის ზედა შრის ანუ ეპიდერმისის რქოვანა შრეში იჩენს თავს. ცნობილია, რომ ლიპიდები ტრანსეპიდერმული ტენიანობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, მათ მიეკუთვნება ცერამიდები, ქოლესტეროლი, ცხიმოვანი მჟავები, ფოსფოლიპიდები, გლიკოზილცერამიდები.

ამასთან ისინი გარკვეულ უჯრედშიდა კარკასს ქმნიან, რაც ეპიდერმისის რქოვანა შრის მთლიანობას უზრუნველყოფს. კანის ბარიერული ფუნქცია კორნეოციტებისა და ლიპიდების კომპლექსს წარმოადგენს. კორნეოციტებს აქვთ კანის ბუნებრივი დამატენიანებელი ფაქტორი, რომელსაც ჰიგროსკოპული თვისებები გააჩნია და კანის ზედა ანუ რქოვანა შრეში წყლის საჭირო კონცენტრაციის (15-20 %)შენარჩუნებას განაპირობებს .კანის სიმშრალე შეიძლება იყოს ერთის მხრივ პათოლოგიური პროცესის სიმპტომი, მეორეს მხრივ კი კანის უჯრედების უკუგანვითარების შედეგი პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებში.

70 წელს გადაცილებული ადამიანების დაახლოებით 75 % -ში თავს იჩენს კანის მდგრადი სიმშრალე ე.წ. მოხუცებულთა  კანის სიმშრალე, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ქავილი ახლავს თან.

კანის აღნიშნული პრობლემა შესაძლებელია სხვადასხვა ენდოკრინული დარღვევის,  (შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია),სისხლის, ღვიძლის და თირკმლის დაავადებების, ონკოლოგიური პრობლემების და ვიტამინების ნაკლებობის გამოვლინებაც იყოს.  კანის ზოგიერთი დაავადება  ( ფსორიაზი, დერმატიტი, იქტოზი) ასევე კანის სიმშრალით ხასიათდება.

გარდა ამისა,  გამომწვევ მიზეზებს შორის საყურადღებოა  კანის არასწორი მოვლა, არასასურველი კლიმატური პირობები – ძალიან მშრალი ჰავა, მკვეთრი მზე, ქარი, ყინვა, კონდიცირება, ცხელი წყლით ხშირი ბანაობა, ტუტე საპნის გამოყენება, კოსმეტიკის ჭარბი მოხმარება, ჰაერის ტენიანობა,  მზის სხივების არადოზირებული გამოყენება, განსაკუთრებით კანის სიმშრალისადმი გენეტიკურად მიდრეკილ პირებში, დროის სარტყლების არევა, ძილისა და კვების რეჟიმის დარღვევა.

ცნობილია, რომ ადამიანის კანი შეიცავს ორგანიზმში არსებული წყლის 20%-ს. ნორმალური ტემპერატურის პირობებში კანის ზედაპირიდან ორთქლდება დღეში 300-400 მლ წყალი. თუ ეპიდერმისიდან იმაზე მეტი რაოდენობის წყლის აორთქლება ხდება, ვიდრე მას ღრმად მდებარე შრეების უჯრედებიდან მიეწოდება, მაშინ ვითარდება კანის სიმშრალე. კანის დაბალი ტენიანობის შემთხვევაში ირღვევა მისი ფუნქცია, კერძოდ, ხდება კოლაგენური და ელასტიური სტრუქტურების დეგენერაცია.

კლინიკურად კანის სიმშრალე ვლინდება: აქერცვლით, ნაპრალებით, რომლის შედეგად ვითარდება ქავილი , დაჭიმვის შეგრძნებით. მომატებულია მგრძნობელობა გარემოს ფაქტორებისადმი (ტემპერატურა, წყლის პროცედურები, კოსმეტიკური საშუალებები და სხვ.).

არჩევენ მშრალი კანის 2 ტიპს: 1.შეძენილი მშრალი კანი. იგი წარმოიქმნება სხვადასხვა ეგზოგენური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, როგორიცაა ულტრაიისფერი დასხივება, მეტეოროლოგიური ფაქტორები და კანის დამუშავება სხვადასხვა მედიკამენტებით თუ კოსმეტიკური საშუალებებით. 2.კონსტიტუციურად მშრალი კანი დაკავშირებულია  გენეტიკურ და ფიზიოლოგიურ ფაქტორებთან. იგი თან ახლავს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ატოპიური დერმატიტი, იქთიოზი და სხვა. უფრო ხშირად ვლინდება ბავშვებში 2-დან 6 წლამდე, რადგანაც ამ ასაკისათვის ფიზიოლოგიურად კანის მიერ ცხიმოვანი სეკრეტის გამოყოფა არის მცირე. აღსანიშნავია, რომ სიმშრალე შეიძლება გამოვლინდეს მენოპაუზისა და მოხუცებულობის პერიოდში.

ცხიმოვანი ჯირკვლებიდან გამოყოფილი კანის ცხიმი ემულგირდება საოფლე ჯირკვლის სადინრებიდან გამოყოფილ სეკრეტთან და წარმოქმნის წყლოვან-ლიპიდურ მანტიას, რომელიც ხელს უშლის კანის გამოშრობას. მშრალი კანის მოვლა ითვალისწინებს გასუფთავებას და დატენიანებას.

ფართოდაა გავრცელებული მშრალი კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებები, რომელთა შემადგენლობაში შედის ცვილი, მინერალური ცხიმი. ასეთი კრემები თანაბრად ნაწილდება მთელ ზედაპირზე. მინერალური ცხიმი ასრულებს გამხსნელის როლს .მას შეუძლია  კოსმეტიკის და სხვა ეგზოგენური დაბინძურებისაგან გაწმენდა. კანის გაწმენდის უახლესი საშუალებებია არაიონური დეტერგენტები, როგორიცაა ემულსია, რომლის შემადგენლობაში შედის ცხიმოვანი მჟავა და ეთერები. მათ შეუძლიათ ნაზად გაწმინდონ კანი ისე, რომ არ მოაშორონ ზედაპირული ლიპიდები (ცერამიდები და ცერებროზიდები). ასეთი ემულსიები  მსუბუქი სტრუქტურისაა და ფართოდ გამოიყენება მშრალი და ძალიან მშრალი კანის გასაწმენდად. მათ შემადგენლობაში შედის ლიპიდები რომლებიც კანის ზედაპირზე დამცავ შრეს წარმოქმნიან.  დასაბანი საპნების გამოყენება მშრალი კანის დროს იწვევს არამარტო სიმშრალის გაძლიერებას, არამედ ხელს უწყობს კანის ზედაპირზე მიკროორგანიზმების შეღწევას. ჩვეულებრივი საპონი უნდა შეიცვალოს თხევადი საშუალებით (შხაპის გელი მშრალი კანისთვის). იგი უკეთ უნარჩუნებს კანს სინოტივეს.

აუცილებელია სწორად იყოს შერჩეული თანამედროვე დეტერგენტები, რომლებიც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფენ კანის ოპტიმალურ გაწმენდას, ხოლო, მეორეს მხრივ, რქოვანა შრის ლიპიდების შენარჩუნებას.

მშრალი კანის მოვლის მეორე მთავარი ეტაპია მისი დატენიანება. გამოყოფენ დამატენიანებელი ნივთიერებების 3 ჯგუფს: 1. ე.წ. ქუმიქტანტები.მათ მიეკუთვნება: ბუნებრივი დამატენიანებელი ფაქტორები (Natural Moisturing Factor-NMF) პოლიოლები (გლიცეროლი, სორბიტოლი), მაკრომოლეკულები (კოლაგენი, ელასტინი,) და ლიპოსომები. NMF სისტემაში შედის სხვადასხვა წყალში ხსნადი და ჰიდროფილური სუბსტანციები. მათი წარმოქმნა ხდება რქოვანა შრის უჯრედების მემბრანის ლიპიდების მიერ.2. კანის დატენიანება ასევე მიიღწევა ტრანსეპიდერმალური წყლის კარგვის შემცირებით. ამას უზრუნველყოფს    რქოვანა შრეში ლიპიდების შემცველი დამცავი ფენის ფორმირება. დამცავი ფენის წარმომქმნელ ნივთიერებებს მიეკუთვნება სუბსტანციები, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ ნებისმიერი ემულსიის ცხიმოვან ფორმას. ასეთებია: ვაზელინი, პარაფინი, ლანოლინი, სხვადასხვა სილიკონები, პერჰიდროსკვალენი, ცვილი, რომლებიც აკავებენ წყალს ეპიდერმისში.

გარდა კანის მოვლის სპეციალური საშუალებებისა(გამწმენდი და დამატენიანებელი საშუალებები), დიდი მნიშვენლობა აქვს ზოგიერთი ჰიგიენური პრინციპების დაცვას, როგორიცაა:

  • სითხეების მიღება – ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღსადგენად და კანისთვის სინოტივის შესანარჩუნებლად უნდა მივიღოთ დღეში 2 ლიტრზე მეტი წყალი.
  • არ შეიძლება ძალიან ცხელი წყლით დაბანა.
  • უნდა გამოვიყენოთ საპონი ნეიტრალური pH-ით.
  • ბანაობის შემდეგ კანი უნდა შემშრალდეს ნაზად.
  • ასევე უნდა მოვერიდოთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, ზედმეტ გადახურებას ან გაციებას.
  • საკვები რაციონის გამდიდრება მარცვლეული კულტურით, ხილითა და ბოსტნეულით, A და C ვიტამინით მდიდარი პროდუქტებით.