ჰერპესი

Советы მცირეწლოვანი ბავშვები

რა არის მარტივი ჰერპესი?

ჰერპესი ვირუსული ინფექციაა, რომელიც გამოწვეულია მარტივი ჰერპესის ვირუსით. ვირუსის ორი ტიპი არსებობს. პირველი ძირითადად განაპირობებს პირისა და სახის არის დაზიანებას, ხოლო მეორე გენიტალურ (სასქესო ორგანოების) ინფექციას.

როგორ ვითარდება დაავადება?

დაავადება ვლინდება ჰერპეს-ვირუსული ინფექციით ავადმყოფთან კონტაქტიდან 6-7 დღის შემდეგ, ინფექციის გადაცემისათვის აუცილებელია ახლო კონტაქტი (ნერწყვის საშუალებით, კოცნით და ა.შ.). ინფექციის გადაცემის ფაქტორებია ასევე ჭურჭელი, სათამაშოები და სხვ. ხშირია ასევე ინფექციის გადაცემა სქესობრივი გზით.

ვირუსი დასაწყისში აზიანებს ლორწოვან გარსს ან დაზიანებულ კანს და შემდეგ ხდება მისი შეჭრა პერიფერიულ ნეირონებში. უნდა აღინიშნოს, რომ შემთხვევათა 85%-ში ინფექცია ლატენტურად, კლინიკური გამოვლინებების გარეშე მიმდინარეობს და ეს ჰერპესისათვის დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს.

შეიძლება თუ არა ჰერპეს-ვირუსული დაავადება კლინიკური გამოვლინების გარეშე მიმდინარეობდეს?

მარტივი ჰერპესის ვირუსი შეიძლება ლატენტური, უსიმპტომო იყოს ათეული წლების განმავლობაში და მისი აქტივაცია გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სტრესი, გადაციება, ტრავმა (როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიური) ან მზით დამწვრობა. 

რა ნიშნებით ვლინდება დაავადება?

დაავადების კლინიკური გამოვლინებანი დამოკიდებულია ვირუსის სახესა და პაციენტის ასაკზე. დედის დაავადების შემთხვევაში ნაყოფს ინფექცია გადაეცემა ტრანსპლაცენტურად. შესაძლებელია ინფექცია გადაეცეს სამშობიარო გზების გავლისას. ახალშობილებში თანდაყოლილი ჰერპეს-ვირუსული ინფექცია შედარებით იშვიათია, მიმდინარეობს მძიმედ ცენტრალური ნერვული სისტემის და სხვადასხვა ორგანოების დაზიანებით და, მკურნალობის მიუხედავად, ძალიან მაღალი ლეტალობით ხასიათდება.

ჰერპეს-ვირუსული პირველადი ინფექცია შესაძლოა მიმდინარეობდეს ლოკალურად, კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანებით, სტომატიტით, თვალის და სასქესო ორგანოების დაზიანებით.

როგორც პირველადი, ისე რეციდიული ჰერპესის დროს ტუჩის კუთხესთან კანი ჯერ წითლდება, დაზიანების ადგილი მტკივნეულია, განსაკუთრებით ხელით შეხებისას, ავადმყოფი გრძნობს წვასა და ქავილს, რის შემდეგაც ჩნდება გამჭვირვალე შიგთავსის მქონე წვრილი ბუშტუკები. გამონაყარი შემდეგ წყლულდება და ჩნდება ქერქები. გამონაყარს შეიძლება თან ახლდეს ტემპერატურის მატება და შემცივნება.

რა სიხშირით შეიძლება განვითარდეს დაავადების რეციდივი?

რეციდივების სიხშირე და სიმძიმე განსხვავებულია, სიხშირე შეიძლება მერყეობდეს 1-დან 10-მდე. რეციდივი, როგორც წესი, ჩნდება ერთსა და იმავე ადგილას.

აზიანებს თუ არა ჰერპესი ცენტრალურ ნერვულ სისტემას?

ინფექციის ყველაზე სერიოზულ ფორმას წარმოადგენს ჰერპეს-ვირუსული ენცეფალიტი, რომელსაც ჰერპესის მე-2 ტიპი იწვევს. ჰერპეს-ვირუსული ენცეფალიტი ძალიან მძიმე დაავადება, მისი მიზეზია ვირუსის გავრცელება პერიფერიიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. თუ არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა, შემთხვევათა 70%-ში დაავადება სიკვდილით მთავრდება. მაგრამ დროული და ადექვატური მკურნალობის დროსაც კი 20%-ში პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება, ხოლო გადარჩენილ პაციენტთა ნახევარში დაავადება სერიოზულ ნევროლოგიურ დარღვევებს ტოვებს.

დაავადება იწყება ცხელებით, თავის ტკივილით, ქცევის შეცვლით. შემთხვევათა 40%-ში აღინიშნება კრუნჩხვები, დაავადება სწრაფად პროგრესირებს, ვითარდება კომური მდგომარეობა და სიკვდილი.