22 ივნისი, 2022

ზუგდიდელმა ექიმებმა 1 წლის ბიჭუნა გადაარჩინეს

ზუგდიდელმა ექიმებმა 1 წლის ბიჭუნა გადაარჩინეს

1 წლის ვაჩემ მშობლები ძალიან შეაშინა. ბავშვს კვების მიღებიდან 1 საათში აღენიშნა სუნთქვის გაძნელება და ხველა ხრიალით. მშობლებმა პატარა ბიჭი წალენჯიხიდან სასწრაფოდ წაიყვანეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. კარგად იაზრებდნენ, რომ შვილის გადასარჩენად ყოველ წამს ჰქონდა მნიშვნელობა. ვაჩეს დედა იხსენებს, რომ ბავშვმა გონება რამდენიმეჯერ დაკარგა, იყო ძალიან შეშინებული და აფორიაქებული.

პაციენტს ტაქიკარგია, ტაქიპნოე და დაბალი სატურაცია აღენიშნებოდა. ოტორინოლარინგოლოგმა ხახასა და პირის ღრუში უცხო სხეულის არსებობა გამორიცხა, რის შემდეგაც სასწრაფოდ გადაწყდა ქირურგიული გზით პრობლემის აღმოფხვრა. ლარინგოსკოპმა გამოავლინა უცხო სხეულის (ხორცის ნაჭერი ხრტილოვანი მასით) არსებობა, რომელიც ტრაქეას, ფაქტობრივად, სრულად ფარავდა. ქირურგმა ენდოსკოპისტმა უცხო სხეული დაუზიანებლად ამოიღო.

1 წლის ვაჩეს მთელი ჰოსპიტალი გულშემატკივრობდა - წარმატებულ ენდოსკოპიურ ჩარევას, რომელიც ბიჭუნასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. პატარა პაციენტი მშვიდი, თანაბარი სუნთქვითა და დამაკმაყოფილებელი ფიზიკალური მონაცემებით ბინაზე იმავე დღეს გაეწერა.