13 სექტემბერი, 2021

ყბა-სახის ქირურგია ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალში

ყბა-სახის ქირურგია ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალში
ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტლის ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტში 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის ოპერაციები ტარდება როგორც მწვავე, ასევე გეგმიური დაავადებების მიხედვით. მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით ხორციელდება და მოიცავს შემდეგ ჩარევებს:

მწვავე დაავადებების მიხედვით:
  • კბილის ექსტრაქცია სედაციით, ანალგეზიის ფონზე;
  • ყბა-სახის მიდამოს მწვავე ანთებითი დაავადებების (ოდონტოგენური და არაოდონტოგენური) ოპერაციული მკურნალობა;
  • ყბა-სახის მიდამოს მწვავე ტრავმული დაზიანებების (როგორც რბილი, ასევე მაგარი ქსოვილების) ოპერაციული მკურნალობა.
გეგმიური დაავადებების დროს:
  • ჰემანგიომების კონსერვატიული მკურნალობა;
  • ენისა და ტუჩის ლაგამის მაკორეგირებელი ოპერაციები;
  • ყბაში შეკავებული, ამოუჭრელი კბილების ამოღება;
  • ყბა-სახის მიდამოს, რბილი და მაგარი ქსოვილების, კეთილთვისებიანი სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობა;
  • თანდაყოლილი ანომალიების (ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალი, სახის თანდაყოლილი ნაპრალი) რეკონსტრუქციული (აღდგენითი) ოპერაციები
ყბა-სახის ქირურგიულ განყოფილებაში ასევე ტარდება ტრავმის შემდგომი დეფორმაციების აღდგენითი ოპერაციები.

განყოფილებაში ოპერაციები თანამედროვე, აპრობირებული მეთოდებით ხორციელდება. მაგალითად, ზედა ტუჩის ორმხრივი ნაპრალის შემთვევაში ორივე ნაპრალის კორექცია ხორციელდება ერთ ეტაპად, რაც დადებითად ისახება ესთეტიკურ ეფექტზე და ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას. ასევე აღსანიშნავია, რომ ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალი ერთ-ერთია საქართველოში, სადაც კბილის ექსტრაქცია სედაციური ანალგეზიით ხორციელდება. ვინაიდან ბავშებში ხშირია დენტოფობია (სტომატოლოგის შიში), ზემოთ ხსენებული მეთოდი აადვილებს ექიმისთვის მანიპულაციის ჩატარებას და პაციენტისთვის სიმშვიდის შენარჩუნებას. მომხმარებლები, საჭიროების შემთხვევაში, იღებენ ფსიქოლოგის დახმარებასაც.

განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების ექიმების გუნდით. გარდა ყბა-სახის ქირურგებისა, მკურნალობის პროცესში სხვა სპეციალობის ექიმებიც იღებენ მონაწილეობას (ჰემანგიომების კონსერვატიული გზით მკურნალობაში (პროპრონოლოლით) ჩართულები არიან პედიატრები; ყბა სახის ქირურგისა და ორთოდონტის თანამშრომლობით ხდება სასის თანდაყოლილი ანომალიის კორექტირება), მათი მულტიპროფილური მიდგომა განაპირობებს მკურნალობის ეფექტურ შედეგს და თანდაყოლილი ანომალიების კორექტირების შემთხვევაში, პაციენტების სოციალურ ადაპტაციას.

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალში ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის მაღალპროფესიონალ ექიმების გუნდს ხელმძღვანელობს ყბა-სახის ქირურგი, დავით ჯმუხაძე.