
პერიოდი ოპერაციამდე და მას შემდეგ - 57 წლის გელა ჩაფიძეს გულ-მკერდის არეში უჩვეულო შეგრძნებები არ გამოპარვია. ჩივილებს ყურადღება დროულად მიაქცია, თუმცა არ ეგონა, რომ საავადმყოფოში მისულს ექიმთან ერთად ოპერაციის სამზადისი ექნებოდა დასაგეგმი.
„მითხრეს, რომ გულმკერდის ზედა მესამედში მოპულსირე, მზარდი წარმონაქმნი აღმენიშნებოდა. ჩემი მდგომარეობა მარტივი არ ყოფილა, მით უმეტეს, რომ ექოკარდიოგრაფიამ გამოავლინა აორტის ცრუ ანევრიზმა კომუნიკაციით გულის მარჯვენა კამერებთან. მეშინოდა... ჩემს სიცოცხლეს სხვას ვერავის ვანდობდი, მხოლოდ გიორგი ექიმის მჯეროდა.“
შუახნის პაციენტმა საკუთარი ჯანმრთელობა ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ გუნდს ანდო. იყო მოსამზადებელი პერიოდი - 3 თვე ოპერაციამდე და უნიკალური ქირურგიული ჩარევა, რომელიც გიორგი კალანდაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. საუბარია მანიპულაციაზე ჰიპოთერმული ცირკულატორული არესტის (20 წთ) პირობებში, რაც გულისხმობს სხეულის ტემპერატურის ხელოვნურად შემცირებას 20 გრადუს ცელსიუსამდე გულის მუშაობისა და სისხლის მიმოქცევის სრული შეწყვეტით. საჭირო გახდა აორტო-კარდიალური ფისტულის დახურვა, რის შემდეგაც განახლდა სისხლის ხელოვნური მიმოქცევა, აღდგა გულის რეგულარული მოქმედება და დარეგულირდა სასიცოცხლო პარამეტრები.
ოპერაციიდან 24 საათში პაციენტთან შეწყდა მექანიკური ვენტილაციაც და ის ბინაზე 12 დღეში გაეწერა. საბოლოოდ, გელა ჩაფიძის რწმენა გამართლდა. ამბობს, რომ ექიმს არც ერთი წამით დაუტოვებია, რამაც მას შინაგანი მზაობა შეუქმნა გამოჯანმრთელებისთვის.