22 ნოემბერი, 2022

თორაკალური ქირურგიის მიმართულება ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში

თორაკალური ქირურგიის მიმართულება ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს გულმკერდის ღრუს თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების სამკურნალოდ ახორციელებს ღია თორაკალურსა და თორაკოსკოპიულ ქირურგიულ მკურნალობას.


ოპერაციების უმრავლესობა კლინიკაში თორაკოსკოპიული მეთოდით ხორციელდება, რომელიც რიგი უპირატესობებით სარგებლობს. პირველ რიგში, ოპერაცია ნაკლებ ტრავმულია, ასოცირდება სისხლის მინიმალურ დანაკარგთან და ხანმოკლეა პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი.


განყოფილებაში ხორციელდება:

  • თანდაყოლილი დიაფრაგმული თიაქრის თორაკოსკოპიული პლასტიკა;
  • ახალშობილებში საყლაპავის ატრეზიის ( საყლაპავის შუა მიდამოში წყვეტა) ოპერაციული მკურნალობა;
  • ფილტვის თანდაყოლილი კისტების ამოკვეთა;
  • ბულოზური ემფიზემის დროს (ბრონქიოლების არანორმალური გაფართოება)  - ფილტვის ატიპიური რეზექცია;
  • ჩავარდნილი გულმკერდის თორაკოსკოპიული კორექცია;
  • ფილტვის დიდი ზომის კისტის დროს - ლობექტომია (ფილტვის წილის მოკვეთა);
  • ფილტვის აბსცესის დროს - აბსცესის მოკვეთა;
  • პლევროპნევმონიების (ფილტვებისა და პლევრის ერთდროული ანთება) დროს -  თორაკოსკოპიული სანაცია, დრენირება, პლევრექტომია.


ჩავარდნილი გულმკერდის კორექცია თორაკოსკოპიული მეთოდით კლინიკაში წარმატებით ხორციელდება 2017 წლიდან. ზემოთ ხსენებული პათოლოგიის დროს მკერდის ძვალი ზეწოლას ახდენს გულზე და კომპრესიის მოსახსნელად, გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა გვერდითი ზედაპირებიდან კამერის კონტროლით ხდება მკერდის ძვალსა და გულს შორის სივრცის მობილიზება და იდგმება მეტალის იმპლანტი. ოპერაციის ხანგრძლივობა 40 წთ-დან 1 სთ-მდეა.


ყურადღებას იპყრობს ახალშობილთა თორაკალური მიმართულებით უნიკალური ოპერაციული მკურნალობა - თანდაყოლილი დიაფრაგმული თიაქრის თორაკოსკოპიული პლასტიკა, რომელიც საქართველოში მხოლოდ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ხორციელდება. სამი 3 მმ-იანი განაკვეთიდან გულმკერდის ღრუში თავსდება ინსტრუმენტები და ხდება მუცლის ღრუს ორგანოების (რომლებიც დიაფრაგმის დეფექტის გამო ამოსულია გულმკერდის ღრუში) ჩატანა მუცლის ღრუში და დიაფრაგმის დეფექტის დახურვა.


თორაკოქირურგიის სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე გუნდით. კლინიკაში თორაკო-ლაპარასკოპიულ მიმართულებას ბავშვთა ქირურგი, ერეკლე მოსიძე ხელმძღვანელობს.