26 ნოემბერი, 2021

თანამედროვე ანგიოქირურგიული მეთოდები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში

თანამედროვე ანგიოქირურგიული მეთოდები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ანგიოქირურგიის მიმართულება გეგმიურსა და სასწრაფო, გადაუდებელ ოპერაციებს, ინტერვენციული და ღია ჩარევებით, ახორციელებს ნებისმიერი ასაკისა და სირთულის პაციენტისთვის.

ინტერვენციულ ოპერაციებში მოიაზრება ყველა ის ოპერაცია, რომელიც დახურული წესით, ძირითადად ენდოვასკულარული მიდგომით ხორციელდება. ამ ტიპის მიდგომა გამოიყენება მაშინაც, როცა ძლიერი სისხლდენის გამო პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ღია ოპერაციული ჩარევა მაღალი რისკის შემცველია, ასეთ შემთხვევებში ენდოვასკულარული წესით ხდება წყლულის ფსკერზე არსებული სისხლმდენი სისხლძარღვების ემბოლიზაცია, რის შედეგადაც ლეტალობის რისკი მცირდება.

 ინტერვენციულ ოპერაციებს მიეკუთვნება:

  • პერიფერიული სისხლძარღვების ყველა სახის სტენტირება - თვითგაშლადი და ბალონგაშლადი სტენტის გამოყენებით;
  • მუცლისა და გულმკერდის ანევრიზმების მცირე ინვაზიური ჩარევით მკურნალობა - სტენტ გრაფტის იმპლანტაცია;
  • ავთვისებიანი (ღვიძლის) სიმსივნეების ქიმიო-ემბოლიზაცია;
  • საძილე არტერიების სტენტირება;


ჰოსპიტალში ხორციელდება შემდეგი ღია ოპერაციული ჩარევები:

  • საძილე არტერიის სტენოზის დროს (რომელიც იშემიური დაავადებების გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია) - თრომბენდარტერექტომია შიგნითა საძილე არტერიიდან;
  • აორტის ანევრიზმის დროს - აორტის პროტეზირება;
  • ქვედა კიდურების არტერიების ოკლუზიის დროს: აორტო-ბიფემორალური, აორტო-თეძო, ბარძაყ-მუხლქვეშა, ბარძაყ-ბარძაყისა და თეძო-ბარძაყის არტერიების შუნტირებები.


ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ანგიოქირურგიულ დეპარტამენტში ოპერაციები საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება. ექიმების მულტიპროფილური მიდგომის საფუძველზე ხდება ჩვენების ჩამოყალიბება და ოპერაციის დაგეგმვა. მულტიდისციპლინურ გუნდში ანგიოქირურგთან ერთად ერთვებიან ნევროლოგები (მაგ. საძილე არტერიის სტენტირების დროს) , ხოლო ღვიძლის სიმსივნეებისა და სისხლდენების ემბოლიზაციის შემთხვევაში, კლინიკურ ონკოლოგთან, სხივურ ონკოლოგთან და ანგიოლოგთან ერთად ხდება ოპერაციის დაგეგმვა.

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ანგიოქირურგიის განყოფილების მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდს ხელმძღვანელობს პაატა მეშველიანი.