27 აპრილი, 2022

სრული პედიატრიული სერვისი ერთ სივრცეში

სრული პედიატრიული სერვისი ერთ სივრცეში

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს პედიატრიული მიმართულებით როგორც ამბულატორიულ, ასევე მძლავრ სტაციონარულ მომსახურებას სთავაზობს. ჰოსპიტალში ხორციელდება ბავშვთა და მოზარდთა სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინული სისტემის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნერვული სისტემისა და საშარდე სისტემის პათოლოგიების მართვა. ჰოსპიტალი ქმნის კომფორტულ და კეთილგანწყობილ გარემოს თქვენი პატარებისთვის და ერთ სივრცეში აერთიანებს შემდეგ სერვისებს:

  • გადაუდებელ მედიცინას;
  • ბავშვთა რეანიმაციას;
  • ბავშვთა ქირურგიას;
  • ბავშვთა გინეკოლოგიას;
  • ბავშვთა ნევროლოგიასა და ნეიროქირურგიას;
  • ბავშვთა ტრავმატოლოგია-ორთოპედიას;
  • ოტორინოლარინგოლოგიას;
  • ბავშვთა რევმატოლოგიას.

მაღალკვალიფიციური პერსონალისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის მეშვეობით ჰოსპიტალში წარმატებით ხორციელდება ბავშვებში განვითარებული ისეთი კრიტიკული მდგომარეობის მართვა, როგორიცაა: სეპტიური შოკი, ჰიპოვოლემიური შოკი, ენდოტოქსიკური შოკი, დიაბეტური კეტოაციდოზი, კომა, მენინგიტი და სხვა.

ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიებს ბავშვებში ხშირად ვხვდებით, ამიტომ ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ბავშვთა ენდოკრიონოლოგიის მიმართულება, რომელიც პატარებსა და მოზარდებს სთავაზობს სრულყოფილ გამოკვლევებსა და პათოლოგიების: სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, ზრდაში ჩამორჩენის, სქესობრივი მომწიფების პრობლემებისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების წარმატებულ მართვას.

ასევე, ჰოსპიტალში მოქმედებს მძლავრი ნეონატალოგიური სერვისი, სადაც ახალშობილთა ნებისმიერი სირთულის მართვა ხორციელდება ახალშობილთა რეანიმაციაში.

ქირურგიული მიმართულებით ხორციელდება:

  • აპენდექტომია;
  • სხვადასხვა ტიპის გაუვალობის მართვა;
  • თიაქარკვეთა (საზარდულისა და ჭიპის);
  • მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმის ოპერაციული მკურნალობა;
  • საკვერცხის, საკვერცხის ფეხისა და ფალოპის მილის შემოგრეხვის მკურნალობა;
  • გრძელი ჩუჩის, ფიმოზისა და პარაფიმოზის მკურნალობა;
  • ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციები (ხერხემლის ოპერაციები, მოტეხილობების მართვა და ა.შ);
  • ნეიროქირურგიული ოპერაციები და ა.შ.

ჰოსპიტლის ერთ სივრცეში გაერთიანებულია 24 საათიანი ანტირაბიული მომსახურება, რომელიც  უზრუნველყოფს ჭრილობის დამუშავებასა და ანტირაბიულ იმუნიზაციას.

ჰოსპიტალი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და პაციენტებს სთავაზობს  დიაგნოსტიკური კვლევების შემდეგ მეთოდებს:

  • ლაბორატორიული კვლევები;
  • რადიოლოგიური კვლევები;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ენდოსკოპიური კვლევები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰოსპიტალი პაციენტებს კომფორტულ გარემოს სთავაზობს, რაც გულისხმობს სრული მომსახურების ერთ სივრცეში მიღებას და ამასთან, პაციენტების მართვაში მაღალკვალიფიციური ექიმების მულტიპროფილური გუნდის ჩართულობას. კეთილგანწყობილი და დატრენინგებული ექიმები კი უზრუნველყოფენ ბავშვებში, სამედიცინო მანიპულაციების შედეგად, განცდილი სტრესის მინიმუმამდე დაყვანას.

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ბავშვთა და მოზარდთა პათოლოგიების მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება. ხოლო, პედიატრიის განყოფილების მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდს ხელმძღვანელობს პედიატრი და ჯანმოს ევრობიუროს ექსპერტი, ქეთი შარანგია.