28 სექტემბერი, 2021

სრულფასოვანი თორაკოქირურგიული მომსახურება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

სრულფასოვანი თორაკოქირურგიული მომსახურება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი მძლავრი სერვისია თორაკალური ქირურგია. ამ მიმართულებით ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება გეგმიურ თუ ურგენტულ რეჟიმში. დიაგნოსტიკური გამოკვლევა, მათ შორის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.

ჰოსპიტალში წარმატებით ხორციელდება ისეთი პათოლოგიების მკურნალობა, როგორიც არის გულმკერდის ღია და დახურული ტრავმები, ჩირქოვანი დაავადებები, სიმსივნეები, შუასაყრის დაზიანებები, ფილტვისა და პლევრის დაავადებები და მრავალი სხვა. ამ მიმართულებით დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში პაციენტებს მაღალკვალიფიციური თორაკოქირურგები, აკაკი გვაზავა და შოთა სამხარაძე ემსახურებიან.

კლინიკაში ტარდება შემდეგი ოპერაციები: პნევმონექტომია, ლობექტომია, ბილობექტომია, სეგმენტექტომია, ტრაქეო და ბრონქოპლასტიკური ოპერაციები, მათ შორის ტრაქეის ბიფურკაციის რეზექცია 5-წლიანი დადებითი შედეგით (ფილტვის ბრტყელუჯრედოვანი სიმსივნის შემთხვევაში), მედიასტინოტომიები ჩირქოვანი მედიასტინიტის და სიმსივნური წარმონაქმნების შემთხვევაში, ოპერაციები საყლავავზე, დიაფრაგმაზე და სხვა. დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ჩვენს ცენტრში სრულდება ფილტვის, შუასაყრის გულმკერდის კედლის, დიაფრაგმის სიმსივნური წარმონაქმნების ტრანსთორაკალური ბიოფსია. ლიმფური კვანძების ბიოფსია.

აკაკი გვაზავამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ განათლება თორაკალური ქირურგიის განხრით უკრაინაში, შუპიკის სახელობის ნაციონალურ პოსტდიპლომურ სამედიცინო აკადემიაში მიიღო. ევროპის თორაკოქირურგთა ასოციაციის წევრი, ევროპისა და საქართველოს რესპირატორული ასოციაციების წევრი. აკაკი წერეთლის საელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინოს ინგლისურენოვანი ფაკულტეტის ლექტორი. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის გუნდს 2014 წლიდან შემოუერთდა და თორაკალური და ზოგადი ქირურგის პოზიციებს იკავებს.

შოთა სამხარაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და კლინიკური ორდინატურა თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში გაიარა. მოგვიანებით კი მოსკოვში, თორაკოქირურგიის მიმართულებით დაუსწრებელი ასპირანტურა გაიარა და კვალიფიკაცია აიმაღლა. ის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დოცენტია და მის სახელს უკავშირდება 800-ზე მეტი თორაკალური ოპერაცია.