
ნატო ჩაკვეტაძე მუსიკოსი და კომპოზიტორია, 50 წლის. თითქმის ორი წელი ებრძოდა დაავადებას, რომელსაც თავად „უბედური სენი“ უწოდა. მან გაიმარჯვა!
ნატომ სარძევე ჯირკვალში წარმონაქმნი სრულიად მოულოდნელად, ხელით გასინჯვისას შეამჩნია. ამბობს, რომ არაფერს უჩიოდა მუდმივი დაღლილობის შეგრძნების გარდა, თუმცა მაშინ ვერც აანალიზებდა, რომ ენერგიის არქონა ძუძუს კიბოს ერთ-ერთი სიმპტომი იყო.
მეორე დღესვე ჩატარებულმა გამოკვლევებმა ავთვისებიანი სიმსივნის პირველი სტადია დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგ-პროგრამით არასდროს უსარგებლია, ნატოს ძალიან გაუმართლა, რომ სიმსივნე ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინა. სწორ მკურნალობასთან ერთად, სწორედ ადრეულმა დიაგნოსტიკამ განაპირობა მისი საუკეთესო გამოსავალი - ჩატარდა ოპერაცია, ამოიკვეთა სიმსივნე და გაიწერა მკურნალობის გეგმა.
„ნატო ჩაკვეტაძე კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი პაციენტია. ის მუსიკოსია, შემოქმედებითი ადამიანი და მკურნალობის მთელ პროცესს საოცარი სპეციფიკით უდგებოდა. ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, პაციენტს ჩაუტარდა კომბინირებული მკურნალობა, რაც გულისხმობდა ქიმიოთერაპიის 6 ციკლსა და შემდგომ - რადიაციულ თერაპიას. მკურნალობის პროცესში მულტიდისციპლინური გუნდი იყო ჩართული (კლინიკური ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი, რადიოლოგი, ონკოქირურგი). ბევრი ვიმუშავეთ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. ძუძუს კიბოსთან ბრძოლის პროცესი ხომ ფსიქოლოგიურად ყველა ქალისთვის რთულია,“ - იხსენებს რადიაციული ონკოლოგი ეთერ ნათელაური.
დღეს ნატო ჩაკვეტაძე თავად არის იმ ქალების მოტივატორი, რომლებიც სიმსივნის დიაგნოზს ებრძვიან: „არ მეგულება ადამიანი, სიცოცხლე არ უნდოდეს, მაგრამ ცოტას თუ ახსოვს, რომ ყოველთვის აქვს სიცოცხლის გაგრძელების შანსი,“ - ამბობს ის და დასძენს, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის.