05 დეკემბერი, 2019

საჭირო დროს საჭირო ადგილას

საჭირო დროს საჭირო ადგილას
რიგითი მორიგეობა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში და პაციენტად ქცეული ექიმი - სწორედ პროფესიამ შეუნარჩუნა სიცოცხლე პაატა ერეკლიშვილს, ქირურგს და ენდოსკოპისტს, რომელიც მორიგეობის შემდეგ დილის კონფერენციისთვის ემზადებოდა.

„გულმკერდის არეში იმდენად ძლიერი ტკივილი დამეწყო, რომ ექთანს დავუძახე. მას შემდეგ პირველი კადრი პაციენტის სტატუსით მახსოვს. მიყვებიან, რომ იატაკზე დაცემული მიპოვეს. გონებას პერიოდულად ვკარგავდი და მესმოდა, როგორ გეგმავდნენ ჩემს მკურნალობას ჩემი კოლეგები,“-იხსენებს პაატა ერეკლიშვილი.

პაციენტის დიაგნოზი აორტის განშრევება აღმოჩნდა და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმედ შეფასდა. კარდიოქირურგ სულხან ლომინაძესთან უშუალო კონსულტირების შემდეგ, ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება სარისკო, თუმცა უალტერნატივო იყო. საბედნიეროდ, მისი თბილისამდე ჩაყვანა გართულებების გარეშე მოხერხდა და წარმატებული ოპერაცია ჩატარდა.

პაატა ერეკლიშვილი სამსახურსა და თავის საქმიანობას უკვე დაუბრუნდა.