14 ივლისი, 2022

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის ზრდის პროცესში - ორთოპედიული რჩევები პროფესორ ბიძინა კანაშვილისგან

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის ზრდის პროცესში - ორთოპედიული რჩევები პროფესორ ბიძინა კანაშვილისგან

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის ზრდის პროცესში - ორთოპედიული რჩევები პროფესორ ბიძინა კანაშვილისგან

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლის ხარისხზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ფორმირების პერიოდში დროულად დადგინდეს პრობლემა და აღმოიფხვრას. ახალშობილის შეფასება დაბადებიდანვე იწყება და პერიოდულობით ხდება დაკვირვება მის სწორ განვითარებაზე. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დროული ჩარევა საუკეთესო გამოსავალს იძლევა.  

კონკრეტულად, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ბავშვის ზრდის პროცესში და რა მნიშვნელობა ენიჭება დროულ სამედიცინო ჩარევას - რჩევებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ბიძინა კანაშვილი გვაძლევს. - რა პერიოდულობით უნდა შემოწმდეს ბავშვი ორთოპედის მიერ?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ახალშობილის პირველადი შეფასება სამშობიაროში ხდება. ხილული დეფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იგეგმება ადრეული კონსულტაცია ორთოპედთან, რის საფუძველზეც დგინდება დიაგნოზი და განისაზღვრება შემდგომი მკურნალობა. ბავშვის პირველი გეგმიური ვიზიტი ორთოპედთან, როგორც წესი 2-დან 3 თვემდე ასაკშია მიზანშეწონილი, როდესაც ჩვილს პირველადი შეფასება უტარდება. ის მოიცავს სხეულის ზოგადი განვითარების შეფასებას, მენჯ-ბარძაყის სკრინინგს, სახსრების მობილობის განსაზღვრას, ტერფების დათვალიერებას და ა.შ. მომდევნოა ის ეტაპი, როცა ბავშვი სიარულს დამოუკიდებლად იწყებს. შემდეგი კონსულტაცია ორთოპედთან კი მიზანშეწონილია 3-დან 4 წლამდე ასაკში. ამ დროს  ტერფების ფუნქციონირების შეფასება ხორციელდება. ასევე, მნიშვნელოვანია ხერხემლის ორთოპედიული შეფასება 8 წლის ასაკიდან, რათა მნიშვნელოვანი დეფორმაციის განვითარებამდე დროულად მოხდეს მისი მართვა და შეჩერება.  აუცილებელია ითქვას, რომ ზრდის პროცესში მოულოდენლად აღმოჩენილი დეფორმაციის შემთხვევაში მშობლებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს და არ დაელოდონ გეგმიურ ვიზიტს, რათა ბავშვის ზრდის პროცესი დროულად დაუბრუნდეს  სწორი ორთოპედიული განვითარების კანონზომიერებას.

- როდის სრულდება ზრდის პროცესი და  რატომ უნდა ვიყოთ მუდმივად ყურადღებით?

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა 15 წლის ასაკში უკვე თითქმის სრულად არის ჩამოყალიბებული, შესაბამისად აღნიშნულ პერიოდამდე მნიშვნელოვანია პრობლემის დროული დიაგნოსტიკა და მართვა. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ მენჯ-ბარძაყის სახსარი: მისი დეფორმაციის დროული გამოვლენის შემთხვევაში  (2-3 თვე) მიიღწევა მაქსიმალური შედეგი ოპერაციული მკურნალობის გარეშე, მაგრამ როდესაც ბავშვი სიარულს იწყებს, მხოლოდ ოპერაციული მკურნალობაა შესაძლებელი, რაც დაკაშირებულია ქირურგიულ ჩარევასთან ასოცირებულ რისკებსა და ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პერიოდთან. 

- უმეტესად რა ორთოპედიული პათოლოგიებით მოგმართავენ პაციენტები?

ყველაზე ხშირია მენჯ-ბარძაყის სახსრის პრობლემები, ვინაიდან ამ პათოლოგიისთვის კავკასიის რეგიონი ენდემურ კერას წარმოადგენს. ასევე ხშირად მოგვმართავენ ტერფების შეფასებისთვის და ტანდეგობის დარღვევისას. თანამედროვე პერიოდში, ბავშვების არააქტიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ხშირია პოზიციური დეფორმაციები, რაც ხშირად ანატომიური დარღვევით ხდება.

- და ბოლოს, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა სახის ორთოპედიული ოპერაციები ტარდება იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ჩვენი სპეციალისტების დასავლური გამოცდილება და მუდმივი კომუნიკაცია წამყვანი კლინიკების ექსპერტ-სპეციალისტებთან, გვაძლევს შესაძლებლობას, სრულფასოვანი მომსახურება გავუწიოთ შეძენილი და თანდაყოლილი დეფორმაციის მქონე პაციენტებს. ხორციელდება გენეტიკურ და ნევროლოგიურ დარღვევებთან ასოცირებული შემთხვევების მართვა, ძვლის სიმსივნეების მკურნალობა, არასწორად შეხორცებული მოტეხილობების კორექცია (კოსმეტიკური და ფუნქციური სტატუსის გაუმჯობესება) და მრავალი სხვა.  შეიძლება ითქვას, რომ იაშვილის კლინიკა პედიატრიული მიმართულებით სრულად ფარავს ორთოპედიული პათლოგიების, ტრავმული დაზიანებებისა და ხერხემლის დეფორმაციათა მკურნალობას თანამედროვე მეთოდებით.  ამ მიმართულებით ვცდილობთ, სამედიცინო მომსახურება მუდმივად გავაუმჯობესოთ, ვიზრუნოთ ბავშვთა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე და ავარიდოთ მათ ის პრობლემები, რაც ხშირად, ზრდასრულ პერიოდში იჩენს თავს.    

ბიძინა კანაშვილი - პროფესორი, მედიცინის აკად. დოქტორი
მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედია-ტრავმატოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი