06 ივლისი, 2020

პირველად საქართველოში იაშვილის კლინიკაში 1 წლის ბავშვს თავის ქალის რეკონსტრუქციული კრანიოპლასტიკა ჩაუტარდა

პირველად საქართველოში იაშვილის კლინიკაში 1 წლის ბავშვს თავის ქალის რეკონსტრუქციული კრანიოპლასტიკა ჩაუტარდა
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 1 წლის ბავშვი თავის ქალის გამოხატული დეფორმაციით შეიყვანეს. ჩატარებულმა კვლევებმა ქალა სარქვლის ადრეულ სტადიაზე გაძვალება გამოავლინა. პაციენტს ქალა-სარქვლის თანდაყოლილი მალფორმაცია, რთული ფორმის კრანიოსინოსტოზი დაუდგინდა. ეს არის თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც ბავშვის თავის ქალის ძვლებს შორის არსებული სახსრები ნაადრევად, თავის ტვინის საბოლოო ჩამოყალიბებამდე იხურება.

აღნიშნულ შემთხვევაში დეფორმული თავის ქალა ქალასშიდა მოცულობის შემცირებას იწვევდა და, შესაბამისად, თავის ტვინზე ზეწოლასაც ახორციელებდა. არსებული პათოლოგია ხშირად ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხებას იწვევს. ასევე, მაღალია თავის ტვინის მეორადი დაზიანების რისკიც.

ნეიროქირურგმა ვლადიმერ წიქარიშვილმა რეკონსტრუქციული კრანიოპლასტიკის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. გართულებების მაღალი რისკის მიუხედავად, რთულმა ნეიროქირურგიულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პაციენტი ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა. დადებითია საკონტროლო კვლევების შედეგებიც.