
მუსიკის ჩართვისას ეტლის ბორბლები განსხვავებულად იწყებს ტრიალს, თითქოს მელოდიის რიტმს იმეორებს. ეს მაგიური ძალა პარაოლიმპიელი ირმაზვერიაშვილისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა - თავისი ეტლით ირმამ ევროპის ჩემპიონატში 80 ქვეყნის მონაწილეები ჩამოიტოვა უკან და საქართველოს სახელით გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.
მისი ცხოვრება ტრავმასა და ეტლზე მიჯაჭვულობას არ შეუცვლია. რბოლა, პარაპლანით ფრენა, ჯომარდობა და ცხენზე ჯირითი ცეკვასთან ერთად არის მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი.
12 წელია ეტლში ზის, თუმცა ბოლო პერიოდში ხერხემლის რთული დეფორმაცია აღენიშნა, რაც საფრთხის ქვეშ აყენებდა როგორც მის ჯანმრთელობას, ასევე - აქტიური ცხოვრების წესს. ხერხემლის დეფორმაცია ტრავმის შედეგი იყო, თუმცა დაავადება სწრაფად პროგრესირებდა. პაციენტს უჭირდა ეტლში ჯდომა, რადგანაც ამ დროს მენჯი გულ-მკერდის ყაფაზს აწვებოდა. დეფორმაციის გამო ხდებოდა დატვირთვა ზურგის ტვინზეც.
ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ორთოპედიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ირაკლი ვარძუკაშვილმა მყისიერად მიიღო. ქირურგიული ჩარევა თანამედროვე მიდგომით, შიდაკორექციის იარაღის გამოყენებით ჩატარდა, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. პარაოლიმპიელ ირმას ტკივილი სრულად მოეხსნა და ცხოვრების აქტიურ წესს დაუბრუნდა. ის ახლა უკვე თამამად ემზადება მომდენო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.