27 ივლისი, 2022

ნევროლოგიური სამსახური ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

ნევროლოგიური სამსახური ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მძლავრი ნევროლოგიური სამსახური ფუნქციონირებს, რომელიც პაციენტებს სთავაზობს სრულ ნევროლოგიურ მომსახურებას ერთ სივრცეში. ხელმისაწვდომია ამბულატორიული და სტაციონარული სერვისი და ინსულტის მართვის სპეციალიზებული ცენტრი. მიმართულებას ჰოსპიტალში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ნევროლოგი, დალი მებონია ხელმძღვანელობს.

დიაგნოსტიკური მიმართულებით განყოფილებაში ტარდება ყველა სახის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა. მათ შორის არის მაღალტექნოლოგიური კვლევებიც. კერძოდ, ჰოსპიტალში ხორციელდება:

  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ელექტროენცეფალოგრაფია;
  • ელექტრონეირომიოგრაფია;
  • რენტგენოგრაფია და სხვა.

ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ყველა სახის ნევროლოგიური პათოლოგიის მკურნალობაა შესაძლებელი, იქნება ეს თავის ტკივილი, მოძრაობის დარღვევა, მეხსიერების პრობლემები, ეპილეფსიური ან არაეპილეფსიური გულყრები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტი თუ სხვა მწვავე დარღვევები. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში ერთვებიან ნეიროქირურგები. ამ მიმართულებით ჰოსპიტალში წარმატებით ხორციელდება ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაციები, მათ შორის - ნეიროონკოლოგიურ დაავადებებზე.

ნევროლოგიური მიმართულებით აღსანიშნავია ის, რომ ინსულტის მკურნალობა ჰოსპიტალში ხორციელდება თანამედროვე და სპეციალიზებული მიდგომით. ე.წ. ოქროს სტანდარტად ინსულტის მკურნალობისას მიიჩნევა თრომბოლიზისი და თრომბექტომია, რომლებიც გულისხმობს თრომბის დაშლას სისტემური ლიზირებით ან კათეტერის გამოყენებით. თრომბოლიზისი ტარდება ინსულტის განვითარებიდან პირველ 4, 5 საათში, ხოლო თრომბექტომია - დაავადების პირველი ნიშნების აღმოცენებიდან 6-8 საათის განმავლობაში. აღნიშნული მეთოდები ამცირებს ნევროლოგიური დეფიციტის განვითარებისა და ლეტალობის რისკებს.