27 მარტი, 2020

მართებთ თუ არა განსაკუთრებული სიფრთხილე ორსულებს?!

მართებთ თუ არა განსაკუთრებული სიფრთხილე ორსულებს?!
ზოგადი რეკომენდაციები ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად ყველა ადამიანისთვის საერთოა, თუმცა ფეხმძიმე ქალები განსაკუთრებით ფრთხილობენ და მათი ემოციური მდგომარეობა სრულიად გასაგებია. ისინი ხომ ახალი სიცოცხლის მოსავლენად ემზადებიან.

ვინაიდან ორსულობისას ქალის ორგანიზმში იმუნოდეფიციტი იქმნება და უამრავი თანმხლები დაავადება იჩენს თავს, უმჯობესია, ნებისმიერი სახის ჩივილის (შესაძლო სიმპტომის) გამოვლენის შემთხვევაში მიმართოთ ექიმს ან დარეკოთ ცხელ ხაზზე (112). კორონავირუსის სიმპტომებს შორის განსაკუთრებით საყურადღებოა მშრალი ხველა. ხველის ეს ტიპი სხვას არაფერს გავს და პაციენტისთვის შესაძლო დაინფიცირება ადვილი მისახვედრია.

ორსულობის პერიოდში სიგარეტის მოწევა განსაკუთრებით მავნე ჩვევად მიიჩნევა, თუმცა არსებულ სიტუაციაში თამბაქოზე უარის თქმის მკაცრი რეკომენდაციის გაცემაა უმჯობესი. ახალი კორონავირუსი გართულებებს ფილტვებსა და სასუნთქ გზებზე იწვევს. შესაბამისად, ჯობს, ორსულებმა უარი თქვან თამბაქოზე.

და ბოლოს, არაფერია იმაზე ეფექტური პრევენციული ზომა, ვიდრე - სახლში დარჩენა. სწორედ ამიტომ მიეცა ამ რეკომენდაციას ერთგვარი კამპანიის სახე: „მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩემთვის.“ გამოავლინეთ ნებისყოფა და იყავით ფრთხილად. თვითიზოლაცია ყოველგვარ საფრთხეს აგარიდებთ თავიდან.

ყველაზე პოზიტიური ფაქტორი კი ის გახლავთ, რომ ახალი კორონავირუსი დედიდან ნაყოფზე პლაცენტარული გზით არ გადადის. კვლევებმა დაადასტურა ისიც, რომ COVID 19 ჩვილს არც ლაქტაციის პერიოდში, ძუძუთი კვებისას გადაეცემა. პირველ ახალშობილს მსოფლიოში, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ინფექცია მშობიარობის დროს, ჰაერწვეთოვანი გზით გადაედო. ასე რომ, იყავით ფრთხილად, რათა წლების შემდგომ თქვენს შვილებს დღევანდელი რეალობა ხუმრობით და სიცილით მოუყვეთ.

მანანა ქოჩიაშვილი - "კარაპს მედლაინის" ინ-ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ხელმძღვანელი