
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის ორთოპედიული სამსახური პაციენტებს მუხლისა და მენჯ-ბარძაყის დაზიანებული სახსრის ხელოვნური სახსრით ჩანაცვლებას - ენდოპროთეზირებას სთავაზობს.
ენდოპროთეზირებისთვის განყოფილებაში გამოიყენება მაღალი ხარისხის იმპლანტები, რომლებიც ადგილს იკავებს ევროპისა და ამერიკის რეგისტრის პირველ ათეულში.
პირველადი ენთოპროთეზირება ხორციელდება:
- მსხვილი სახსრების დისტროფიულ-დეგენერაციული პათოლოგიების: დისპლაზიური, მადეფორმირებელი და რევმატოიდული ართროზის დროს;
- ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობებისა და ბარძაყის ძვლის თავის ავასკულარული ნეკროზის შემთხვევაში;
რაც შეეხება რევიზიულ (განმეორებით) ენდოპროთეზირებას, მისი ჩვენებებია:
- ხელოვნური სახსრის არასტაბილურობა;
- პერიპროთეზული მოტეხილობები;
- სახსრის ინფექცია.
ონკოლოგიური დაავადებების დროს კი ხორციელდება სახსრის ონკოპროტეზირება.
ორთოპედიული განყოფილება აღჭურვილია მდიდარი ადამიანური რესურსითა და მატერიალური ბაზით, სუპერსტერილური საოპერაციოთი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ აღნიშნული ოპერაციის განსახორციელებლად. ენდოპროთეზირების ხანგრძლივობა 30 წთ-დან 1 საათამდეა, პაციენტების გააქტიურება (დამოუკიდებელი გადაადგილება დამხმარე საშუალებებით) ოპერაციიდან მეორე დღესვე იწყება. რაც შეეხება პოსტოპერაციულ მეთვალყურეობას, ბინაზე გაწერის შემდეგ პაციენტის მეთვალყურეობას ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი ახორციელებს, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური გამოკვლევით.
ორთოპედიულ სამსახურში წელიწადში ენდოპროთეზირების 500-მდე ოპერაცია ხორციელდება, ამ დროის მანძილზე კი ჰოსპიტალში 5000 ასეთი ოპერაცია ჩატარდა.
აღსანიშნავია ჰოსპიტლის თანამშრომლობაევროპის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების ორთოპედიულ ცენტრებთან, რომელთან ერთადაც ხორციელდება რთული შემთხვევების განხილვა და მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვა. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო კონფერენციები.
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის ორთოპედიულ სამსახურს, რომელსაც ორთოპედები - გია ღვინჯილია და ამბროსი თადუმაძე წარმოადგენენ, გიორგი ხუციშვილი ხელმძღვანელობს.