
მეორედ დაბადებას უწოდებს ლუდმილა ვორობიოვა ოპერაციას, რომელმაც სიცოცხლის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა. 71 წლის ქალს თავბრუხვევა, ზოგადი სისუსტე და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დროდადრო სიტუაცია უარესდებოდა.
პაციენტი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. ინსტრუმენტულმა გამოკვლევებმა სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (იმპულსთა გამტარობის დარღვევა) გამოავლინა თანმხლები მკვეთრი ბრადიკარდიის (გულისცემის შენელება) დიაგნოზით.
ბრადიკარდია სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობად ითვლება. მკვეთრად შენელებული გულისცემის აღსადგენად თანამედროვე მედიცინაში პეისმეიკერი გამოიყენება, რომლის იმპლანტაციაც საუკეთესო შედეგებს იძლევა. სწორედ აღნიშნული ოპერაციული ჩარევა ჩაუტარდა 71 წლის პაციენტს.
არითმოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ცხომელიძემ მუდმივი ორკამერიანი პეისმეიკერის იმპლანტაცია ადგილობრივი ანესთეზიით განახორციელა. ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა და, როგორც თავად პაციენტი იხსენებს, ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმის თვალებში ჩახედვამ უსიტყვოდ ამცნო გადარჩენის სიხარული.