15 ივნისი, 2022

გულის სიმსივნის იშვიათი დიაგნოზი, რომელიც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმმა გამოავლინა

გულის სიმსივნის იშვიათი დიაგნოზი, რომელიც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმმა გამოავლინა

ერთ-ერთი იშვიათი დიაგნოზი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაისვა - 68 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ გულის ტკივილის, მეტყველების გაძნელებისა და ჰაერის უკმარისობის ჩივილებით შეიყვანა. მას აღენიშნებოდა გონების დაბინდვის ეპიზოდიც. 

კარდიოლოგიური გამოკვლევების შედეგი საკმაოდ შემაშფოთებელი აღმოჩნდა - კარდიოექოსკოპისტმა, მაია არახამიამ მარცხენა წინა გულში დიდი ზომის მოფლოტირე მიქსომა (გულის სიმსივნე) გამოავლინა, რომელიც ფლოტირებისას მარცხენა პარკუჭში ჩადიოდა და სრულად ხურავდა მიტრალურ სარქველს. დარღვეული იყო მარცხენა პარკუჭის რეგიონალური კუმშვადობაც სამივე კორონარულ აუზში.

პაციენტი სასწრაფოდ საჭიროებდა სპეციალიზებულ ჰოსპიტალში გადაყვანას და შესაბამის მკურნალობას. გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ ის ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, სადაც მძლავრი და მაღალტექნოლოგიური კარდიოქირურგიული მიმართულება ფუნქციონირებს.

პაციენტს ჩაუტარდა აორტო-კორონარული შუნტირება და მიქსომის ექსციზია მარცხენა წინაგულიდან. ის ჰოსპიტლიდან მკურნალობის დასრულების შემდეგ, გამოჯანმრთელებული გაეწერა. როგორც თავად ამბობს, ორივე ჰოსპიტლის ექიმებმა მას მეორედ აჩუქეს სიცოცხლე.