25 დეკემბერი, 2020

გოგონა აფხაზეთიდან, რომელმაც თეთრ ხალათზე ოცნება აიხდინა

გოგონა აფხაზეთიდან, რომელმაც თეთრ ხალათზე ოცნება აიხდინა
ნათია ცაცუა ახალგაზრდა გოგონაა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან, რომელმაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარი სახლი დატოვა და მიზნის მისაღწევად სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო. მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა დედაქალაქში დარჩენა არ ისურვა და გადაწყვიტა, სწავლა და შემდგომი პროფესიული მოღვაწეობა მშობლიურ მხარესთან ახლოს გაეგრძელებინა.
ბავშვობის ოცნება თეთრ ხალათზე ახლა უკვე რეალობად აქცია და ამაყობს, რომ ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, კვალიფიციური ექიმის სტატუსი მიიღო:

„ევექსის სარეზიდენტო პროგრამამ შესაძლებლობა მომცა, სწავლა ზუგდიდში გამეგრძელებინა და უფრო ახლოს ვყოფილიყავი საკუთარ ოჯახთან. ექიმი-ლაბორანტის პროფესია ავირჩიე და სწავლას მთელი მონდომებით შევუდექი. რეზიდენტურის ორწლიანი პროგრამა ოთხ წელიწადში გადამეზარდა და მიზეზი ჩემი ორი არაჩვეულებრივი შვილია, რომელიც სწავლის პერიოდში შემეძინა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, როგორ მედგნენ გვერდში ჩემი მასწავლებლები. მათ მომცეს ძალა და მოტივაცია, სწავლის კიდევ უფრო მეტად გახანგრძლივებული პროცესი დამღლელი არ ყოფილიყო. მინდა, მადლობა ვუთხრა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს - ადგილს, სადაც რეზიდენტურა გავიარე, პრაქტიკული გამოცდილება მივიღე და ლაბორატორიული მედიცინის მიმართულებით უმცროს ექიმად ვიმუშავე. მადლობა მთელ გუნდს ცოდნის გაზიარებისა და მხარდაჭერისთვის.“

ნათია ცაცუა ევექსის სარეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი კურსდამთავრებულია. წელს სარეზიდენტო პროგრამა 46-მა რეზიდენტმა წარმატებით დაასრულა.