07 აპრილი, 2022

გინეკოლოგიური პაციენტი მწვავე პრობლემებით და ცხოვრების გაუმჯობესებული ხარისხი

გინეკოლოგიური პაციენტი მწვავე პრობლემებით და ცხოვრების გაუმჯობესებული ხარისხი

გინეკოლოგიური პრობლემები ქალებში ხშირია და, რიგ შემთხვევებში, მწვავე გართულებებს, მათ შორის სიცოცხლის ხარისხის დაქვეითებას იწვევს. მსგავსი ისტორია აქვს 68 წლის ნარგიზას, რომელიც ფართოდ გავრცელებული პრობლემით - გენიტალური პროლაფსით (საშვილოსნოს დაწევა) იტანჯებოდა.

პაციენტი ბოლო 5 წლის განმავლობაში უჩიოდა სიმძიმეს, ხშირ შარდვასა და უცხო სხეულის შეგძნებას მუცლის, წელისა და შორისის მიდამოში. მას პერიოდულად აღენიშნებდა შარდვის გაძნელება და ძლიერი დისკომფროტი. როგორც 68 წლის ქალბატონი იხსენებს, ჩივილები დროთა განმავლობაში ძლიერდებოდა. მას აღენიშნებოდა ჯდომის, სიარულისა და მკვეთრი მოძრაობის გაძნელება, რაც სიცოცხლის ხარისხის დაქვეითებას იწვევდა.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგ-ლაპარასკოპისტმა, ივანე ფანცულაიამ პაციენტი საოპერაციოდ მოამზადა. შერჩეულ იქნა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ოპერაცია - ლაპარასკოპიული პრომონტოფიქსაცია, რომელიც საშვილოსნოს პროლაფსის დროს ე.წ. ოქროს სტანდარტად ითვლება და საქართველოში მხოლოდ სულ რამდენიმე ჰოსპიტალში ტარდება.

ქირურგიული ჩარევის შედეგად განხორციელდა საშვილოსნოს ლაპარასკოპიული ამპუტაცია ორივე დანამატთან ერთად, პრომონტოფიქსაცია ბადის გამოყენებით და კოლპოპექსია, რომელიც საშვილოსნოს დაწევის დროს ყველაზე ეფექტურ ქირურგიულ ჩარევად მიიჩნევა.ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი ბინაზე 48 საათში გაეწერა. ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.