27 ივლისი, 2022

გაიცანით ქალი, რომელიც სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნისგან განიკურნა

გაიცანით ქალი, რომელიც სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნისგან განიკურნა
გაიცანით ნინო ზვიადაძე, 58 წლის ქალი, რომელმაც შიშის და ემოციების მიუხედავად, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დამარცხება შეძლო და დღეს სხვა ონკოპაციენტებისთვის იქცა მამოტივირებელ ძალად.

ნინომ სარძევე ჯირკვალში წარმონაქმნი თავის მოვლის რიგითი პროცედურისას შეამჩნია. კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის ექიმები იხსენებენ, რომ ქალი ჰოსპიტალში ძალიან შეშინებული მივიდა და სრულყოფილი გამოკვლევის ჩატარება მოითხოვა. კლინიკურმა ონკოლოგმა, მარიამ კუხალაშვილმა და რადიაციულმა ონკოლოგმა, ეთერ ნათელაურმა დანიშნული კვლევების საფუძველზე ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაადასტურეს და მკურნალობის გეგმის შემუშავებაზე მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად დაიწყო ფიქრი.

კლინიკური ონკოლოგების, სხივური თერაპევტების, ქირურგებისა და პათოლოგ-ანატომების გუნდმა პაციენტის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლა, შეაფასა და მიიღო გადაწყვეტილება, მკურნალობა ქიმიოთერაპიით დაეწყო. ჩატარდა 8 ციკლი, რის შედეგადაც სიმსივნური წარმონაქმნი ჯერ ზომაში შემცირდა, შემდეგ კი სრულიად გაქრა, რაც მოგვიანებით რადიოლოგიურმა გამოკვლევებმა და მიკროსკოპულმა დაკვირვებამაც დაადასტურა.

ქიმიოთერაპიის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ექიმებმა ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს, რის შედეგადაც ამოიკვეთა ის მიდამო, სადაც, თავდაპირველად, სარძევე ჯირკვლის სიმსივნე წარმოიქმნა. ქირურგიული ჩარევა წარმატებით განხორციელდა და რაც მთავარია, ორგანოს შენარჩუნება შესაძლებელი გახდა.

ამჟამად ნინო ზვიადაძე თავს კარგად გრძნობს. ის აგრძელებს მკურნალობას და პერიოდულად გადის კონსულტაციებს შესაბამის სპეციალისტებთან. მოხარულია, რომ შიში და ემოციები დაამარცხა და დღეს თავად ცდილობს, გახდეს სამოტივაციო ძალა სხვა ონკოლოგიური პაციენტებისთვის.