07 სექტემბერი, 2022

გაიცანით პაციენტები, რომლებიც იდენტური სიმსივნური დიაგნოზისგან ერთდროულად განიკურნენ

გაიცანით პაციენტები, რომლებიც იდენტური სიმსივნური დიაგნოზისგან ერთდროულად განიკურნენ

ნანული გარჩაკუდაშვილი და ციალა მამაგეიშვილი კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის ერთმანეთისთვის უცნობი პაციენტები არიან. ისინი ჰოსპიტალში ძლიერი სისუსტის, გადაადგილების შეზღუდვის, მუცლის ზომაში მკვეთრი მატებისა და სუნთქვის გაძნელების მსგავსი ჩივილებით მოხვდნენ.

ორივე შემთხვევაში გამოხატული იყო მუცლის ღრუში სითხის დაგროვება. პაციენტებს აღენიშნებოდათ სუნთქვის გართულება, კვების შეზღუდვა, წონაში მკვეთრი კლება, დარღვეული ჰქონდათ მეტაბოლური ფუნქცია და უჩიოდნენ მუცლის ტკივილს, რომელსაც ძლიერი გამაყუჩებელი პრეპარატებიც კი არ შველოდა.

„მეგონა, რომ ეს უკვე დასასრული იყო. სიცოცხლის გაგრძელების ძალა აღარ მქონდა და აღარც იმედი, რომ გადავრჩებოდი, თუმცა გამიმართლა, რომ ასეთ გულისხმიერ ექიმებს შევხვდი, ჩემთან ერთად იბრძოდნენ და დანებების უფლებას არ მაძლევდნენ“ - გვიყვება ნანული გარჩაკუდაშვილი.

პაციენტების გართულებული მდგომარეობის ფონზე, საჭირო გახდა შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება და მულტიდისციპლინური განხილვა, რომელშიც ონკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, რადიოლოგი და პათოლოგ-ანატომი იყვნენ ჩართულნი. დადასტურდა ორივე პაციენტის დიაგნოზი - საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე, გავრცელებით ორივე საკვერცხესა და მუცლის ღრუს მიდამოზე.

მულტიდისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე, პაციენტებს დაენიშნათ ქიმიოთერაპია, რომლის დასრულების შემდეგაც ორივე პაციენტის შემთხვევაში, ონკოგინეკოლოგებმა ნინო ჯაფარიძემ და მარიამ დათიაშვილმა წარმატებით ჩაატარეს ოპერაცია და აღმოჩნდა, რომ ამოკვეთილ სიმსივნურ ქსოვილში არც ერთი აქტიური სიმსივნური უჯრედი აღარ აღინიშნებოდა.

ამ ბედნიერებამ, როგორც ონკოლოგი მარიამ კუხალაშვილი ამბობს, ექიმებსაც შემატა სიცოცხლის წლები.

1 თვეში 2 იდენტური, ურთულესი დიაგნოზის მქონე პაციენტის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. ნანული გარჩაკუდაშვილმა და ციალა მამაგეიშვილმა ექიმებთან ერთად საბოლოოდ გაიმარჯვეს რთულ დაავადებასთან ბრძოლაში. დღეს ისინი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან.