
- რა მნიშვნელობა აქვს მშობლის ქცევას ბავშვის განვითარებისათვის? - რა არის საჭირო ბავშვის ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის? - რა არის ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ბავშვის სოციუმში ინტეგრირებას? - ამ თემებზე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ფსიქოლოგი, თამარ ლომთათიძე გვესაუბრა.
- რა მნიშვნელობა აქვს მშობელს ბავშვის განვითარების პროცესში?
- როგორც ამბობენ, ყველაფერი ბავშვობიდან იწყება. მშობელსა და ბავშვს შორის პირველი კომუნიკაცია მუცლად ყოფნის პერიოდში მყარდება და ეს კავშირი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ოჯახი ბავშვისთვის პირველი სოციალური წრეა, მშობელი კი -პირველი სოციალური მოდელი, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს მის განვითარებაზე. ადრეულ ასაკში ბავშვის ფსიქო-ემოციური კეთილდღეობის გასაღები არის მისი მრავალმხრივი განვითარება, რაც გულისხმობს, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური, შემეცნებითი და სოციალური უნარების ჰარმონიულ შერწყმას, რომელიც პირდაპირ კავშირშია მშობლის ჩართულობასთან. პოზიტიური ემოციური კავშირი აყალიბებს დაცულობის განცდას, რაც ბავშვს გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება და ხელს უწყობს თვითშეფასების ჩამოყალიბებაში.
- რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის უპირობო მიღებას და სიყვარულს მშობლის მხრიდან?
- ყველა ბავშვს სჭირდება, უპირობოდ უყვარდეთ, ენდობოდნენ, მხარს უჭერდნენ, სჯეროდეთ მისი და აღიარებდნენ მას, როგორც ცალკე ინდივიდს, რომელსაც თავისი მოთხოვნილებები და საჭიროებები აქვს. ყოველივე ზემოთ ხსენებული უვითარებს ბავშვს თვითშეფასებას, ანუ საკუთარი თავის აღქმას. მშობლის მხრიდან ბავშვის მიმღებლობა უყალიბებს მას უსაფრთხოებისა და სანდოობის განცდას, ეს ყველაფერი კი მისი მომავალი ჯანსაღი ურთიერთობებისა და მენტალური ჯანმრთელობის საფუძველია.
- არის თუ არა ჰიპერ-მზურნველობა ბავშვის განვითარებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი?
- ხშირ შემთხვევაში მშობლის მხრიდან გადამეტებული მზრუნველობა ხელს უშლის ბავშვის ასაკობრივ განვითარებას, რაც შესაბამისად აისახება მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ასევე ზოგად ემოციურ სფეროზე. ბავშვებს, რომლებიც გადამეტებული მზრუნველობის გარემოში იზრდებიან, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, უჭირთ თანატოლებთან კომუნიკაცია, თავის მოვლის ჩვევების ჩამოყალიბება (კვება, ჩაცმა, საკუთარი ნივთების მოწესრიგება და ა.შ), აქვთ სოციალიზაციის სირთულეები, დაბალი თვითშეფასება და ხშირად არიან ეგოცენტრულები. ასეთი ბავშვები მოზარდობისა და ზრდასრულობის ასაკში აწყდებიან თვითრეალიზაციის სირთულეებს. ჰიპერ-მზრუნველობის დროს მშობელი ვერ ზომავს საზღვრებს, სად და როდის სჭირდება შვილს რეალური თანადგომა. აუცილებელია, მშობელმა ადრეული ასაკიდანვე იზრუნოს ბავშვის პიროვნული უნარების განვითარებაზე, რათა ბავშვმა გაიაზროს საკუთარი შესაძლებლობები, გააჩნდეს საკუთარი თავის ნდობა და ჩამოუყალიბდეს პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარ ქცევაზე, რაც სამომავლოდ მისი წარმატებისა და დამოუკიდებლობის წინაპირობა იქნება.
- რა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის პირადი სივრცის ქონას?
- პირადი სივრცის მნიშვნელობა ბავშვს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ. უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის უხილავი საზღვარი, რომელიც სხვამ არ უნდა გაარღვიოს და მხოლოდ მას აქვს უფლება, სიტუაციის მიხედვით, გააფართოვოს ან შეავიწროვოს ეს სივრცე. ყოველივე ზემოთ თქმული ხელს უწყობს პირადი სივრცის ორი ფუნქციის: დაცვისა და კომუნიკაციის ჩამოყალიბებას.
პირადი სივრცის ნიმუში ბავშვებს მშობლებმა უნდა მისცენ, მაგალითად, ჩახუტებამდე ჰკითხონ შვილს - „შეიძლება ჩაგეხუტო?“. პირადი სივრცის სწორად გააზრებით ბავშვი ამყარებს ჯანსაღ სოციალურ ურთიერთობებს, საჭიროების შემთვევაში კი იგი შეძლებს თავის დაცვას როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური შევიწროებისგან.