13 ივლისი, 2022

ფილტვის მწვავე პათოლოგიის დიაგნოზის მქონე 2 პაციენტის განკურნების ისტორია

ფილტვის მწვავე პათოლოგიის დიაგნოზის მქონე 2 პაციენტის განკურნების ისტორია

ორი პაციენტი, ორივე ფილტვის მწვავე პათოლოგიით და მსგავსი ჩივილებით - უჰაერობით და გულ-მკერდის არეში უსიამოვნო შეგრძნებით მოხვდა ექიმთან.

მათი ასაკობრივი სხვაობა 30 წელია.

53 წლის ვალერი სიმონიანის ფილტვების მოსმენისთანავე თერაპევტმა, თეონა ტოტოჩიამ კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევები დანიშნა. ასე გამოვლინდა მარცხენამხრივი სპონტანური პნევმოთორაქსი, ფილტვის ტოტალური ბულოზური ემფიზემა, რაც ფილტვის ნორმალური ქსოვილის ნაცვლად ემფიზემატოზური ბულების (ჰაერით სავსე ბუშტების) არსებობას, ფილტვის მთლიანობის დარღვევას გულისხმობს.

23 წლისნია დეკანოიძის კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი, ფილტვის მწვერვალის ბულოზური ემფიზემა გამოავლინა, რაც  ასევე ფილტვის მთლიანობის დარღვევას და მისი ქსოვილის ემფიზემატოზურ დაზიანებას გულისხმობს.

ბულოზური ემფიზემა, ძირითადად, 50 წელს ზემოთ ასაკის, მწეველ, მტვერთან ან აქროლად ნივთიერებებთან, შხამ-ქიმიკატებთან მომუშავე პაციენტებში გვხვდება. გოგონას არც ერთ ზემოჩამოთვლილ რისკ-ფაქტორთან შეხება არ ჰქონია. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა პაციენტს ფილტვზე თანდაყოლილი წარმონაქმნები ჰქონდა.

ვალერი სიმონიანის შემთხვევაში კი, სწორედ თამბაქოს ხანგრძლივმა აქტიურმა მოხმარებამ გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება.

თორაკოქირურგის, აკაკი გვაზავას ჩარევით, ორივე პაციენტს გადაუდებელ რეჟიმში ჩაუტარდა პლევრის ღრუს დრენირება -  ფილტვი ნაწილობრივ გაიშალა, თუმცა ჰაერის მიღება არ შეჩერდა. შესაბამისად, აუცილებელი გახდა ოპერაციული ჩარევა.

შუა ხნის მამაკაცის ოპერაციის მიმდინარეობისას გამოიკვეთა დაზიანება ფილტვის 5 უბანზე, საიდანაც ჰაერის დაკარვა ხდებოდა. ოპერაციას ტექნიკურად ართულებდა დაზიანებული ადგილების მიმდებარედ არასაკმარისად მკვრივი ფილტვის ქსოვილი და გათხელებული პლევრის კედლები, რის გამოც მყარი ფიქსაციის მიღწევა თითქმის შეუძლებელი ხდებოდა. თუმცა, საბედნიეროდ, ექიმებმა შეძლეს სასურველი შედეგის მიღება, ნაკერები დააფიქსირეს და პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინეს.

23 წლის ნიას შემთხვევაშიც გამოვლინდა ფილტვის მწვერვალზე თავმოყრილი რამდენიმე თხელკედლიანი ემფიზემატური ბულა(ჰაერით სავსე ბუშტუკები). ჩატარდა ფილტვის ატიპიური რეზექცია, რომლის დროსაც ექიმებმა სრულად ამოკვეთეს ფილტვის დაზიანებული ნაწილი. პაციენტი ოპერაციის შემდეგ სრულიად ჯანმრთელია.

ვალერი სიმონიანის თქმით, ახალგაზრდა გოგონას შემთხვევა მისთვის მაგალითი გახდა, რომ ჯანმრთელი ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდეს. მან გააანალიზა  რისკი, რომ მოწევის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, საკუთარ სიცოცხლეს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

დღეს ორივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.