08 დეკემბერი, 2020

ევექსი ჰოსპიტლები სრულად მობილიზებულია და სამედიცინო რესურსების დამატებას განაგრძობს

ევექსი ჰოსპიტლები სრულად მობილიზებულია და სამედიცინო რესურსების დამატებას განაგრძობს
ევექსი ჰოსპიტლები პანდემიის ფონზე შექმნილ ჯანდაცვის გამოწვევებთან გასამკლავებლად რესურსების სრულ მობილიზებას განაგრძობს. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ჰოსპიტალურმა ქსელმა საწოლფონდის რაოდენობა ბოლო 2 კვირის განმავლობაში დამატებით 180-ით გაზარდა და კოვიდ-ინფექციასთან ბრძოლას 13 ჰოსპიტალში 1 100-ზე მეტი საწოლითა და 5 500 გადამზადებული სამედიცინო/ადმინისტრაციული პერსონალით განაგრძობს. ქსელის მასშტაბით კოვიდ-პაციენტების მკურნალობაში ჩართულ კლინიკებს უკვე შეუერთდნენ ახალციხის, ხაშურის, თელავის რეფერალური ჰოსპიტლები, ასევე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი და ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი.

არაინფიცირებული პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების უწყვეტ ხელმისაწვდომობას კი ქსელის 3 მსხვილი და მრავალპროფილური კლინიკა უზრუნველყოფს: კავკასიის მედიცინის ცენტრი, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და დას. საქართველოს სამედიცინო ცენტრი მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების გეგმიურ და გადაუდებელ რეჟიმში მიწოდებას 2 500 მედპერსონალითა და 850-მდე საწოლით განაგრძობენ. მიუხედავად არაინფექციური პროფილისა, აღნიშნული ჰოსპიტლების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებებში ყოველდღიურად ხდება კოვიდინფიცირებული პაციენტების დროული იდენტიფიცირება და მათი უსაფრთხო ტრიაჟი, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ინფექციების მართვის სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ევექსი ჰოსპიტლების განცხადებით, ქსელში თერაპიული საწოლების ინტენსიური მიმართულებით გადაკეთების დამატებითი რესურსები არსებობს, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია და ამაზე ჰოსპიტალური ქსელი მუდმივ რეჟიმში მუშაობს. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკვე გამოყოფილი რესურსების ეფექტურად გამოყენება და კლინიკური სასტუმროების რესურსების მაქსიმალურად ათვისება, რათა ჰოსპიტალური სერვისის მიღება მოსახლეობის იმ ნაწილმა შეძლოს, ვისაც ეს რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება.

ევექსი ჰოსპიტლები მადლობას უხდის როგორც ქსელის თითოეულ მედპერსონალს, ასევე - სრულიად საქართველოს ექიმებს, მედდებსა და სანიტრებს: „დღეს ყველაზე მეტი მხარდაჭერა და გამხნევება მათ სჭირდებათ, რადგან სწორედ ისინი დგანან ფრონტის წინა ხაზზე და ათასობით მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან,” - ნათქვამია კორპორაციის განცხადებაში.