23 სექტემბერი, 2021

ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები

ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები
სარძევე ჯირკვლის კიბო ქალბატონებში სიმსივნის ყველაზე გავრცელებულ ტიპს მიეკუთვნება. იგი ანატომიურად წილების, სადინრების, ცხიმოვანი ქსოვილის, სისხლძარღვებისა და ლიმფური სადინარებისგან შედგება. სწორედ სარძევე ჯირკვლის წილებსა და სადინარებში შეიძლება დაიწყოს სიმსივნური პროცესი და გავრცელდეს მათ მიღმა, რასაც ინვაზიური ძუძუს კიბო ეწოდება. ინვაზირების საშუალებით სიმსივნეს შესაძლებლობა აქვს მოხვდეს ლიმფურ და სისხლის მიმოქცევის სისტემაში, გავრცელდეს პირველადი კერიდან დაშორებით სხვა ორგანოებსა და არარეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ასეთი სიმსივნე მეტასტაზური ძუძუს კიბოს სახელითაა ცნობილი.

ძუძუს კიბოს სწორი დიაგნოსტიკისთვის არაერთი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის კომბინაციაა საჭირო.
  • ლაბორატორიული კვლევებით ხდება სისხლის საერთო სურათისა და ორგანოთა ფუნქციური პანელების შეფასება, ასევე სიმსივნური მარკერების (ონკომარკერების): CA 15-5 და CA 27-29 განსაზღვრა, რომელთა აღმოჩენაც დაავადების პროგრესირების მანიშნებელი შეიძლება იყოს.
  • პაციენტის ფიზიკალური გასინჯვით ხდება წარმონაქმნის ლოკალიზაციის, კონსისტენციისა და ზომის შეფასება, რის შემდეგაც კეთდება ულტრაბგერითი და მამოგრაფიული გამოკვლევა და წყდება ბიოფსიის საჭიროება.
  • ბიოფსიის საშუალებით უჯრედულ დონეზე აღებული მასალის შესწავლა და მათი ტიპის განსაზღვრა ხდება. ბიოფსიური მასალის (ბიოფტატის) გამოკვლევა მოიცავს იმუნოჰისტოქიმიურ კვლევას, რაც გულისხმობს სიმსივნის ჰორმონული რეცეპტორების: ესტროგენის ER, პროგესტერონის PR სტატუსის, HER2 რეცეპტორის, დიფერენცირების ხარისხისა (Grade-ის) და პროლიფერაციის უნარის განსაზღვრას (Ki-67). ზემოთ ჩამოთვლილი კვლევები მკურნალობის ეტაპზე გადამწყვეტ როლს თამაშობს.
  • დაავადების ზუსტი კლინიკური სტადიისა და გავრცელების დასადგენად გამოიყენება მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორებიცაა: კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ძვლების სკანირება, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია და ა.შ.
სტადირება ხდება TNM კლასიფიკაციით, სადაც T (tumor-სიმსივნე) განსაზღვრავს სიმსივნის ზომას, N - (nodes-კვანძები) მეტასტაზების არსებობას ადგილობრივ ლიმფურ კვანძებში, M (metastasis) კი, შორეული მეტასტაზების არსებობას.

ძუძუს კიბოს მკურნალობა მულტიმოდალურია, რაც გულისხობს მკურნალობის ქირურგიული, სისტემური და სხივური თერაპიის კომბინაციას. მკურნალობის შერჩევა ხდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელიც მოითხოვს ქირურგის, კლინიკური ონკოლოგისა და სხივური ონკოლოგის აქტიურ ჩართულობას.
  • ქირურგიის მიზანია წარმონაქმნის მოშორება და ეს შეიძლება მოხდეს ძუძუს შემნახველი ოპერაციის ანუ ლამპექტომიის ან რადიკალური მასტექტომიის საშუალებით. ქირურგიული ჩარევის შემდეგ ქალბატონებს შეუძლიათ მიმართონ რეკონსტრუქციულ ქირურგიას, რათა მოხდეს მოცილებული სარძევე ჯირკვლის იმპლანტით ჩანაცვლება.
  • სისტემური მკურნალობა თავის მხრივ მოიაზრებს ქიმიოთერაპიას,სამიზნე და ჰორმონო თერაპიას, რა დროსაც გამოყენებული მედიკამენტები მთელ ორგანიზმში ვრცელდება და აქვს სისტემური ეფექტი. პაციენტისთვის, რომელიც სამომავლოდ შვილის გაჩენას აპირებს, რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგთან, რადგან სისტემური თერაპია ფერტილობის (ნაყოფიერების) პრობლემებთანაა დაკავშირებული.
  • ძუძუს კიბოს მკურნალობაში დიდი როლი აქვს სხივურ თერაპიას, რომლის დროსაც გამოიყენება მაღალი ენერგიის მქონე X (იქს) სხივები, გამა სხივები ან პროტონები, რომლებიც, სამიზნე არეალში, სიმსივნური უჯრედების განადგურებას ემსახურება და ამცირებს დაავადების რეციდივის განვითარების ალბათობას. სხივური თერაპია ძუძუს კიბოს სტადიიდან გამომდინარე შეიძლება გულისხმობდეს: მთლიანი ძუძუს დასხივებას (WBRT), ძუძუს აჩქარებულ ნაწილობრივ დასხივებას (APBI) ან ლიმფური კვანძების დასხივებას კომბინაციაში.

ძუძუს კიბოს სამიზნე ასაკობრივი ჯგუფების სკრინინგი, გეგმიური ულტრაბგერითი და მამოგრაფიული კვლევების საშუალებით, გვაძლევს დაავადების ადრეული გამოვლენისა და მრავალი გართულების თავიდან აცილების შესაძლებლობას.

ბლოგი მომზადებულია ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ონკოლოგი თეა ნათელაურის მიერ.