03 სექტემბერი, 2021

ბაზალიომა კანის ბაზალურ-უჯრედოვანი ავთვისებიანი სიმსივნე

ბაზალიომა კანის ბაზალურ-უჯრედოვანი ავთვისებიანი სიმსივნე
ბაზალიომა ონკოლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც კანის ბაზალური უჯრედების მუტაციის შედეგად სიმსივნე (სიმსივნური წარმონაქმნი) ყალიბდება. იგი კანის სიმსივნეების 80%-ს, ხოლო საერთო ონკოლოგიური დაავადების 20%-ს წარმოადგენს.

ბაზალურუჯრედოვანი კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორებია:

• ხანგრძლივი ულტრაიისფერი დასხივება;
• მზის დამწვრობა;
• სხივური თერაპია;
• კანის ღია საფარველი;
• მრავლობითი ხალების არსებობა;
• ქრონიკული ინფექციური ანთებითი პროცესები;
• იმუნური სისტემის დარღვევები;
• ასაკი 50 წელს ზევით.

სიმსივნური წარმონაქმნი ყველაზე ხშირად კანის ღია საფარველსა (კისერი, ზედა კიდურები, სახე) და თავის თმით დაფარულ ადგილებში ლოკალიზდება, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ადგილას. მისი ზრდა ნელა მიმდინარეობს, ზოგჯერ - შეუმჩნევლადაც. ბაზალიომას დადებითი მახასიათებელი მისი მეტასტაზირებისადმი დაბალი მიდრეკილებაა (მაგ. მეტასტაზები ფილტვში, ღვიძლში ან ძვლებში გვხვდება დაახლოებით 0,3%-ში). თუმცა დაავადების რეციდივის განვითარების რისკი მაღალია (პაციენტების დაახლოებით 39 %-ს უვითარდებათ რეციდივი მკურნალობის შემდეგ), მისი დროული აღმოჩენა, ადეკვატური მკურნალობა და თერაპია საწყის სტადიაზე მეტად პოზიტიურ პროგნოზს იძლევა, ამ შემთხვევაში პაციენტების დაახლოებით 90 - 100%-ში მოსალოდნელია მთლიანი განკურნება.

ვინაიდან სიმსივნური წარმონაქმნი ნელა იზრდება და დაავადება საწყის ეტაპზე პაციენტებს დისკომფორტს არ უქმნის, ხშირად ისინი ექიმს დაგვიანებით მიმართავენ. უყურადღებოდ დატოვებამ ავადმყოფი შეიძლება რთულ მდგომარეობამდე მიიყვანოს (დროდადრო სიმსივნე კუნთებსა და ძვლებსაც აზიანებს) და საჭირო გახდეს ფართო მასშტაბიანი ოპერაციული ჩარევა. ამიტომ აუცილებელია, პაციენტმა პირველივე სიმპტომის შემჩნევისას მიმართოს სპეციალისტს.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომი კანზე გაჩენილი წყლულოვანი წარმონაქმნია. ასევე, გარეგნულად ბაზალიომა შეიძლება იყოს მკვრივი, მარგალიტის ფორმის ან პიგმენტური. წარმონაქმნი წააგავს ჩვეულებრივ კანის დაზიანებას, რომელიც პერიოდულად იკეთებს ფუფხს, თუმცა ბოლომდე არ ხორცდება, დრო და დრო ზომაში იზრდება და ვრცელდება მეზობლად კანში.
ბაზალიომის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები:

• დერმატოსკოპიული კვლევა;
• სისხლისა და შარდის ანალიზი;
• ნაცხის გამოკვლევა.

ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს საბოლოო დიაგნოზის დასმა და სხვა სახის პათოლოგიებთან (მაგ: მელანომა, კერატოზი) მისი დიფერენციაცია წარმოადგენს.

ბაზალიომის მკურნალობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, გამოკვლევის შედეგების (კანის დაზიანების ხარისხი, მეტასტაზების არსებობა) მიხედვით. მაქსიმალური ეფექტი ქირურგიულ მკურნალობას გააჩნია, თუმცა შესაძლოა კრიოდესტრუქციისა (თხევადი აზოტით მოცილება) და ლაზერული მკურნალობის გამოყენება.

დაავადების აღმოჩენისა და მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ყოველწლიურად დერმატოლოგისა და ონკოდერმატოლოგის კონსულტაცია.

საგანგაშოა, რომ ბაზალიომა ყოველწლიურად უფროდაუფრო მეტ ადამიანში გვხვდება. ეს არის ყურადსაღები დაავადება, ვინაიდან მას შეუძლია იყოს აგრესიული და ზიანის მომტანი.
ბაზალიომის განვითარების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:

• მოვერიდოთ მზის სხივებს 11:00-დან 15:00 სთ-მდე;
• შევარჩიოთ ისეთი ტანისამოსი, რომელიც ფარავს კანს;
• გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები;
• უარი ვთქვათ სოლარიუმზე;
• გავიმყაროთ იმუნიტეტი;
• მინიმალურად შევამციროთ ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებიც ზრდიან მგრძნობელობას სხივებზე (მაგ, ანტიბიოტიკები).

ბლოგი მომზადებულია ონკოლოგის ალექსანდრე გოგაძის მიერ.