
ბავშვთა გინეკოლოგია ფართო სამედიცინო მიმართულებაა, რომელიც აერთიანებს როგორც ბავშვის ფიზიკურ, ასევე - ჰორმონალურ განვითარებას, მის მიმდინარეობასა და დიაგნოსტიკა-მკურნალობას. ამ მხრივ, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში ფუნქციონირებს განყოფილება, რომელიც რეგიონის მოსახლეობას აწვდის სრულფასოვან მომსახურებას. მას ხელმძღვანელობს მეან-გინეკოლოგი, ონკო-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი, თემურ გაბაიძე, რომელიც გვირჩევს, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება გოგონების ზრდის პროცესში.
ზოგადად, რა პრობლემები გვხვდება ბავშვთა გინეკოლოგიის მიმართულებით?
ბავშვთა გინეკოლოგია მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში სათანადო ყურადღება ეთმობა. ზრდის პროცესში გოგონების ფიზიკურ და ჰორმონალურ განვითარებას, მის სწორ მიმდინარეობას აქვს უპირატესი მნიშვნელობა, ვინაიდან მოგვიანებით, მოზრდილობის ასაკში, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ქალის გინეკოლოგიურ ჯამრთელობაზე. აუცილებელია, კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, სასქესო ორგანოს ექოსკოპიური თუ გარეგანი დათვალიერება, ჰორმონალური მდგომარეობის განსაზღვრა... ყურადღსაღებია მენსტრუაციული ციკლის მიმდინარეობა, ვინაიდან სწორედ გახანგრძლივებული, ჭარბი ან ხანმოკლე მენსტრუაციაა ყველაზე ხშირი პათოლოგიური დარღვევა მოზარდ გოგონებში. არანაკლებ ხშირია ინფექციური დაავადებები, რაც დაკავშირებულია დამოუკიდებლად ჰიგიენის წესების დაუცველობით.
ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ მხრივ მშობლებს ენიჭებათ. ვურჩიოთ მათ, რა არის ის მინიმალური წესები, რაც უნდა გაითვალისწინონ?
პირველ რიგში, მინდა აღვიშნო, რომ აუცილებელია, დაინერგოს ბავშვთა გინეკოლოგიის მიმართულებით პერიოდული დიაგნოსტიკური შემოწმების და სპეციალისტთან კონსულტაციების კულტურა/ჩვევა. ექიმი სწორად და დროულად განსაზღვრავს სამედიცინო ჩარევის აუცილებლობას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა, იქნება ეს სწორი ჩამობანვა/დაბანა, სასქესო ორგანოს პერიოდული გარეგანი დათვალიერება, სიმპტომების გამოვლენა და ა.შ. მინდა აღვნიშნო, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს ქალის შემდგომ ჯანმრთელობაზე და ბავშვობის ასაკიდან ამცირებს ისეთი დაავადებების მომავალში განვითარების რისკებს, როგორიცაა - სიმსივნური წარმონაქმნები. ვაქცინა 9 წლის ასაკში კეთდება და მას სახელმწიფო აფინანსებს.
და ბოლოს, თქვენ ახსენებთ სიმპტომები. მაინც რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება?
ყველაზე ხშირი და ყურადსაღები სიმპტომებია გარეთა სასქესო ორგანოების კანის ან ლორწოვანი გარსის სიწითლე, ქავილი და წვა, რაც უმეტესად ინფექციურ დაავადებებზე მიუთითებს. ასევე, ყურადსაღებია მცირე სასირცხო ბაგეების ნაწილობრივი ან მთლიანი ჩაზრდა, სარძევე ჯირკვლების ზომაში მატება რვა წლამდე ასაკში, ბოქვენის გათმიანება რვა წლამდე ასაკში და გამონადენი საშოდან, რომელიც, უმეტესად, პათოლოგიური პროცესების განვითარებაზე მიუთითებს.
მოხარული ვარ დავძინო, რომ ჩვენს გუნდში დასავლური გამოცდილების სპეციალისტების გუნდი მუშაობს და ჰოსპიტალში ამ მხრივ ყველა სახის დაავადების დიაგნოსტიკა და მართვაა შესაძლებელი.