10 ივნისი, 2022

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც დაამარცხა თირკმლის ონკოციტომა კუშინგის სინდრომით

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც დაამარცხა თირკმლის ონკოციტომა კუშინგის სინდრომით

„ვუყურებდი ჩემს 6 წლის შვილს, რომლის დაბადებაც 12 წლიანი უშვილობის შემდეგ ნამდვილი სასწაული იყო, თუმცა ცხოვრების აზრს მაინც ვერ ვხედავდი“.

პაციენტი 42 წლის ახალგაზრდა, წარმატებული ქალია, რომელმაც ექიმს მუცლის შებერილობის და პერიოდულად გამოხატული უმართავი ჰიპერტენზიის გამო მიმართა.ამბობს, რომ მძიმე დეპრესიულ განწყობას საერთოდ ვერ აღიქვამდა და ექიმთან ვიზიტზე მხოლოდ ფიზიკური დისკომფორტის გამო მივიდა.

მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევით გამოვლინდა ღვიძლის სისხლძარღვოვანი დეფექტები - ჰემანგიომები. კომპიუტერული ტომოგრაფიით კი მარცხენა თირკმელზედა ჯირკვალზე გამოჩნდა წარმონაქმნი, რომელიც შესწავლას საჭიროებდა.

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგის, ხათუნა ჩაკვეტაძის ყურადღება პაციენტის ფიზიკურმა მდგომარეობამ (შეშუპება, კანის სპეციფიკური სიწითლე, არაპროპორციული წონის მატება, დეპრესია) და ანამნეზში 12 წლიანი უშვილობის შემდეგ დამდგარმა რთულმა ორსულობამ და მშობიარობამ მიიპყრო.

ექიმის რეკომენდაციით დაინიშნა შესაბამისი კვლევები და დადასტურდა კუშინგის სინდრომი - თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ჰორმონ კორტიზოლს გადაჭარბებული რაოდენობით გამოიმუშავებს. ეს კი, თავის მხრივ, იშემიური ინსულტის, ათეროსკლეროზის, მიოკარდიუმის ინფარქტის, შაქრიანი დიაბეტის, ახალგაზრდა ასაკში უშვილობის პრობლემების წარმოქმნის რისკებს ზრდის.

პაციენტის შემთხვევაში, სწორედ ამით აიხსნებოდა გამოხატული უმართავი ჰიპერტენზია, პრედიაბეტური განწყობა, მძიმე დეპრესიული ფონი და ცხოვრების ხარისხის დაქვეითება.

შედეგად, დაინიშნა ლაპარასკოპიული ადრენალექტომია-თირკმელზედა ჯირკვლის ამოკვეთა.

პანციეტის ოპერაციისთვის მოსამზადებელი და პოსტოპერაციული მეთვალყურეობა სწორედ ხათუნა ჩაკვეტაძის მეთვალყურეობით, რეკომენდაციებითა და ქირურგებთან მუდმივი კონსულტაციებით წარიმართა.

პაციენტის თქმით, გამოჯანმრთელების ხანგრძლივი პროცესის დასრულების შემდეგ, მან ცხოვრების ხალისი დაიბრუნა და თავიდან გაიაზრა ყველა ის ბედნიერება, რისთვისაც ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით კუშინგის სინდრომის და მასთან თანაარსებული ონკოციტომის (იშვიათი ტიპის სიმსივნე) სულ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული. თითოეული შემთხვევის აღმოჩენის, მკურნალობის და პოსტოპერაციული გამოვლინებების ანალიზი ექიმებს პრობლემის შესწავლის, მკურნალობის გზების დასახვის და დაავადების მართვის პერსპექტივებს უჩენს.

სწორედ ამიტომ, მოცემული შემთხვევის შესახებ ხათუნა ჩაკვეტაძემ პრეზენტაცია ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის კონგრესზე წარადგინა, რომელიც იტალიაში, ქალაქ მილანში ჩატარდა და სამედიცინო საზოგადოების ინტერესი გამოიწვია.