26 აგვისტო, 2022

ავარიის შედეგად დაშავებულ 29 წლის გოგონას ქირურგებმა სახის ბუნებრივი ფორმები აღუდგინეს

ავარიის შედეგად დაშავებულ 29 წლის გოგონას ქირურგებმა სახის ბუნებრივი ფორმები აღუდგინეს

„მახსოვს, მანქანიდან გადმოვედი, მკვეთრი დამუხრუჭების საზარელი ხმა გავიგონე და წარმოუდგენელი ტკივილი ვიგრძენი...“ - გვიყვება თეო, 29 წლის ახალგაზრდა პაციენტი და ავტოსაგზაო შემთხვევას ფრაგმენტულად იხსენებს.

გონს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მოეგო. როდესაც თვალი გაახილა, შოკურ მდგომარეობაში იყო: ექიმები მის სასიცოცხლო მონაცემებს ამოწმებდნენდა სასწრაფო ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

ახალგაზრდა გოგონას სახის ბუნებრივი ფორმების აღქმა შეუძლებელი იყო. პაციენტს აღენიშნებოდა ძლიერი სისხლდენა პირისა და ცხვირის ღრუდან, სახის დეფორმაცია და მრავლობითი ჭრილობა, საიდანაც სახის ძვლების მოტეხილი ფრაგმენტები ჩანდა. მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო და კიდევ უფრო გართულდა, როდესაც გეგმიური შემოწმების ფარგლებში პაციენტს კოვიდ 19-იც დაუდასტურდა. პაციენტის სპეციალიზებული მართვა ყბა-სახის ქირურგებმა, ბექა ქორიძემ და ბექა ხაჭაპურიძემ გადაუდებელ რეჟიმში დაიწყეს მას შემდეგ, რაც გოგონამ კოვიდ-კლინიკაში გადასვლაზე უარი განაცხადა. რეგულაციების სრული დაცვით მომზადდა საოპერაციო ბლოკი და იზოლირებული პალატა და ჩატარდა ყბა-სახის ურთულესი რეკონსტრუქციული ოპერაცია, რომელიც უწყვეტად, დაახლოებით, 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ავტოსაგზაო შემთხვევიდან 6 თვის განმავლობაში თეოს 3 ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის - ოსტეოპლასტიკური და ესთეტიური ტიპის. შედეგად, დღეს მას სრულად აქვს აღდგენილი როგორც სახის ბუნებრივი ფორმა, ასევე - ყველა შესაბამისი ფუნქცია. ახალგაზრდა გოგონა უკვე სრულფასოვან ცხოვრებას განაგრძობს.